იტალიაში მცხოვრები ქართველები ბრეშაში უქომაგებენ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს

 27 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბრეშაში გაიმართება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის L ჯგუფის მატჩი იტალიისა და საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების შორის, შეხვედრა გაიმართება   Palaleonessa -ს დარბაზში, რომლის ტრიბუნები 5 ათას 200 მაყურებელს იტევს. მატჩი დაიწყება ადგილობრივი დროით 20:30 წუთზე.

დათო და დაჩი ლორთქიფანიძე

საქართველოს ნაკრები იტალიასთან შეხვედრამდე ჩაატარებს ამავე შესარჩევი რაუნდის საშინაო მატჩს ნიდერლანდებთან ( თბილისი, 24 აგვისტო), იტალია კი 24 აგვისტოს გასვლით შეხვედრას გამართავს უკრაინასთან. 11 ნოემბერს ჩვენი ნაკრები რეიკიავიკში შეხვდება ისლანდიას, 14 ნოემბერს კი სახლში იტალიას, 23 თებერვალს გასვლაზე  ითამაშებს ნიდერლანდებთან, 27 თებერვალს კი საქართველოს ნაკრები თბილისში მიიღებს ისლანდიას.  ამ ჯგუფში  გამოდიან აგრეთვე ესპანეთის  და  უკრაინის ნაკრებები, ყველა გუნდს გადმოყვა ის გამარჯვებები, რომელიც მათ მოიპოვეს შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე(დასრულდა 7 ივლისს) , დღეისათვის ჩვენ ჯგუფში ესპანეთს, იტალიას და ისლანდიას აქვს  7-7-7 ქულა, საქართველოს-6 ქულა, უკრაინას -5, ნიდერლანდებს-4.

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია), ჩვენი ჯგუფიდან გადის 3 ნაკრები. ამიტომ,  ჩვენთვის  ყოველი  შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იტალიასთან დაპირისპირება. თუ ჩვენმა ნაკრებმა  მოახერხა იტალიასთან გამარჯვება 27 აგვისტოს, მაშინ ჩვენი გუნდის შანსები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ძალიან იზრდება.

ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქომაგების აქტიურ მხარდაჭერას კალათბურთში და არამარტო კალათბურთში.. იმედია, რომ 24 აგვისტოს თბილისში ნიდერლანდების მატჩზე  ანშლაგი იქნება და ჩვენი გუნდი მოიპოვებს მოსალოდნელ  გამარჯვებას. აი, 27 აგვისტოს კი, რთული გამოცდა გველის-გასვლითი მატჩი ბრეშაში იტალიასთან, სადაც განსაკუთრებით გვჭირდება ქომაგობა.

იტალიის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობს საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ათეულობითი ათასი მოქალაქე და იტალიაში დაბადებული მათი შვილები. ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს და მუშაობს, რათა არჩინონ თავისი ოჯახები, დაეხმარონ საქართველოში მყოფ ნათესავებს. იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემულეების ნაწილი , მიუხედავად  ცხოვრების რთული რეჟიმისა და შრომითი დატვირთვისა, ცდილობს გამონახოს დრო და საშუალება, რათა უქომაგოს საქართველოს ნაკრებებს ან გუნდებს, როცა ისინი ჩადიან იტალიაში. არსებული მონაცემებით, 27 აგვისტოს მატჩს ბრეშაში დაესწრება მინიმუმ 250- 300  ქართველი, რომლებიც ჩავლენ იქ  მილანიდან,  ბერგამოდან, მანტოვადან, ვერონადან  და სხვა ახლომდებარე ქალაქებიდან. ამის საფუძველს ამ სტრიქონების ავტორს მაძლევს ის საუბრები, რომელიც ბოლო დღეებში გავმართე ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ რამდენიმე ჩვენ თანამემამულესთან.

კახა ლორთქიფანიძე და მისი ბიჭები-ფეხბურთელები

დაჩი ლორთქიფანიძე

დავიწყოთ ბრეშადან, სადაც უკვე რამდენიმე  წელია ცხოვრობს ფეხბურთის და საერთოდ,  ქართული სპორტის დიდი მცოდნე და გულშემატკივარი კახა ლორთქიფანიძე, რომელიც ახალგაზრდობაში ფეხბურთს  თამაშობდა საქართველოში, ჯარში სამსახურის შემდეგ და ტრავმების გამო მიატოვა ფეხბურთის თამაში, თუმცა სულ სპორტშია. მისი ორივე ვაჟი(დათო და დაჩი) ფეხბურთელია. ბელგიაში 1998 წლიდან მცხოვრები საქართველოსა და სსრკ ჭაბუკთა ნაკრებების თავდამსხმელის, ევროპის 1984 წლის ვიცე-ჩემპიონის გია ჭინჭარაულის მეშვეობით დავუკავშირდი ბრეშაში ბ-ნ კახას. მან გვითხრა « საქართველოს ნებისმიერი ნაკრების ჩამოსვლა იტალიაში ჩვენთვის დიდი სიხარულია. მე, რასაკვირველია,  ვაპირებ ჩვენი საკალათბურთო ნაკრების მატჩზე წასვლას, ვეტყვი ჩემ ახლობლებს და ნაცნობებს, რომ   შეძლებისდაგვარად მოვიდნენ მატჩზე და ვუქომაგოთ ჩვენ ბიჭებს. ჯერ არ ვიცი, შესძლებენ თუ არა ჩემი  ვაჟიშვილები თამაშზე დასწრებას, რადგან ორივე ფეხბურთელია და ვარჯიშობენ თავიანთ გუნდებში.  ჩემი უფროსი ბიჭი დათო დაიბადა თბილისში 2001 წლის 28 იანვარს, ბავშვობიდან სულ ფეხბურთშია -შემტევი ნახევარმცველია,  2014 წელს როცა „საბურთალომ“ მოიგო U-13 შორის ტურნირი, იგი  დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად, იმავე წლის აგვისტოში იტალიელმა აგენტმა წაიყვანა ტესტებზე, სადაც დაინტერესების შემდეგ დატოვეს იტალიაში მათი  დაფინანსებით. თამაშობდა „ატალანტას აკადემიაში“ ,სერია ბ „პადოვა“ ძირითად გუნდში, სადაც შემდეგ ტრავმის გამო გაუცდა 7 თვე, ითამაშა U19 -ში, შემდეგ სერია „დ“  იყო „კარპიში“, ამჟამად „რიჩიონეშია“. დათო იყო საქართველოს U 17 და U19 ნაკრებების წევრი“.

კახას  მეორე ბიჭი დაჩი ლორთქიფანიძე (დაიბადა თბილისში 2005 წლის 8 მარტს) 9 წლის ასაკში (2014 წლის ოქტომბერში) გადავიდა იტალიაში თბილისის «საბურთალოს» გუნდიდან, თამაშობდა «ატალანტას აკადემიაში», ბოლო 2 წელია «კრემონეზეს აკადემიაში», სადაც იყო U-17 ის გუნდის კაპიტანი, ნახევარმცველია , თამაშობს დაცვის ცენტრშიც, ამჟამად გადაყვანილია «კრემონეზეს» 19 წლამდელთა გუნდში და იქ ვარჯიშობს. საქართველოს ჭაბუკთა (U17) ნაკრებში ითამაშა ელიტ- რაუნდის მატჩებში.

 

 

მანტოვა-ბრეშა

ელენე ლომუაშვილი

იტალიაში უკვე დიდი ხანი მცხოვრები წარმატებული მეცნიერის, პროფესორ სოლომონ ნერგაძის მეშვეობით დავუკავშირდით ქალაქ მანტოვაში  ქართული დიასპორის ერთერთ ყველაზე აქტიურ წევრს  ქალბატონ ხათუნა კილაძეს, რომელიც თავის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და ნაცნობებთან ერთად ორგანიზებულად აპირებს 27 აგვისტოს ჩასვლას ბრეშაში( მანტოვადან 95 კმ) და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას.  ხათუნამ მითხრა: «მე და ჩემი მეუღლე ბორის ლომუაშვილი შვილებთან და ახლობლებთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ დავესწროთ და ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებებს ან კლუბებს, როცა ისინი ჩამოდიან იტალიაში. ამჟამადაც ასე იქნება-27 აგვისტოს ჩვენი ოჯახის წევრები, ნაცნობები, ახლობლები  წავალთ ბრეშაში, რათა ვუქომაგოთ ჩვენ კალათბურთელებს. იტალიას კარგი და გამოცდილი ნაკრები ჰყავს, მაგრამ მჯერა, ჩვენ კალათბურთელებს, რომლებმაც ივლისში თბილისში ესპანეთი დაამარცხეს, შეუძლიათ  წარმატებით ითამაშონ იტალიასთან. მანტოვას რეგიონში დაახლოებით 5 ათასი ქართველი ცხოვრობს, თავად ქალაქში რამდენიმე ათეულმა  ქართველმა უკვე გამოთქვა სურვილი წამოვიდეს ბრეშაში.  გვესმის, რომ 27 აგვისტოს მატჩის მოგება ძალიან რთული იქნება, ფრე კი კალათბურთში არ არის ფეხბურთისგან განსხვავებით ( იღიმის), იმედია, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ».

ბ.ლომუაშვილი, ხ.კილაძე, მათი შვილები ელენე, მარიამი და ლუკა

ბ.ლომუაშვილს და ხ.კილაძეს სამი შვილი ჰყავთ, ყველამ იცის ქართული, ქართულად არიან გაზრდილები, 11 წლის ელენე ლომუაშვილი  ბალერინაა,  იმავდროულად სწავლობს გრაფიკის და დიზაინის სკოლაში.  მისი უფროსი და მარიამი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და მშობლებთან ერთად იტალიაში ცხოვრობს 2009 წლიდან, ახლა  20 წლისაა -ის მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის სტუდენტია.  მათი ძმა ლუკა 19 წლისაა ,  მილანის სამსახიობო აკადემიის სტუდენტი. «ლუკა ბავშვობაში იყო გატაცებული კალათბურთით და ფეხბურთით, თამაშობდა ჭაბუკთა გუნდებში, ძალიან უყვარს კალათბურთი, ამიტომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრების ჩამოსვლა იტალიაში და თამაში ბრეშაში არის ძალიან დიდი და სასიხარულო მოვლენა,ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვცდილობთ ვუქომაგოთ საქართველოს» – აღნიშნა ქალბატონმა ხათუნამ.

ქართველი გულშემატკივრები იტალიაში

არსებული მონაცემებით, 27 აგვისტოს მატჩზე  საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ბრეშაში ჩავლენ ქართველები იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან, აგრეთვე შვეიცარიიდან და ავსტრიიდან. მათი მხარდაჭერა კი  დიდი სტიმული იქნება  ჩვენი ნაკრებისთვის.აბა თქვენ იცით, ბიჭებო.

 

 

 

 

 

თენგიზ პაჭკორია , სპეციალურად TIMER.GE

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილის განცხადებით, უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ „გამომზეურებულ საგანგაშო ფაქტებზე“ „ქართული ოცნება“ იმსჯელებს და პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიარუსეთი სრულ საკარანტინო რეჟიმში უნდა იყოს, სანამ მეგალომანიისგან და არასრულფასოვნების კომპლექსისგან არ განიკურნება – დანილოვი