იტალიაში, ქალაქ მოდენაში, ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით 13 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების თქმით, ისინი ყალბ ლიტვურ დოკუმენტებს ფლობდნენ, რათა მიეღოთ საბანკო, სოციალური და საგადასახადო შეღავათები.
გამოძიება 44 ქართველი ქალის საქმეს იძიებს. მათ ბრალად ედებათ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალური შესვლა და პირადობის ყალბი დოკუმენტების ფლობა.
მოდენას პროკურატურის განცხადებით, 26 ნოემბერს კარაბინერების საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 13 ქალი ადგილზე დააკავა.საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ქართველი მამაკაცი და 53 წლის ქალი. მათ ბრალად ედებათ არალეგალური მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის ხელშეწყობა.
ყალბი დოკუმენტების ჩამორთმევის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ციხეში დატოვების საჭიროება არ არსებობდა, სასამართლომ მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო დღეებში მოდენას იმიგრაციის ოფისი განიხილავს თითოეული პირის სტატუსს, რათა გადაწყდეს მათი შესაძლო ლეგალიზაცია ან იტალიაში დარჩენის უფლება.



















