პროპაგანდისტული „იმედის“ ქარდმა, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას გვერდით, ბიძინა ივანიშვილია წარმოჩენილი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ემოციური რეაქციის გამოწვევასთან ერთად, სერიოზული პოლიტიკური დისკუსიაც გააჩინა.
საზოგადოების ნაწილისთვის, ეს იყო მცდელობა, თანამედროვე პოლიტიკური ძალა, ეროვნული მოძრაობის ისტორიულ მემკვიდრეობასთან (ხელოვნურად) დაეკავშირებინათ.
საქართველოს უახლეს ისტორიაში მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. ისინი საქართველოს თავისუფლების იდეასთან, ეროვნული მოძრაობის ტკივილთან, საბჭოთა რეჟიმთან ბრძოლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვასთან ასოცირდებიან. მათი სახელები ეკუთვნის საქართველოს ისტორიას, ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა, თუ კონკრეტულ ძალას.
სწორედ, ამიტომ, მათი სახელები საზოგადოებრივ ცნობიერებაში ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას. ამ ფონზე, ნებისმიერი მცდელობა, მოქმედი პოლიტიკური ფიგურა მათ გვერდით წარმოაჩინონ, ავტომატურად აჩენს კითხვას: ეს ისტორიული შეფასებაა, თუ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მცდელობა?!
პოლიტიკური თვალსაზრისით, მსგავსი ნაბიჯები, ხშირად, ისტორიული კაპიტალის მითვისების მცდელობად აღიქმება. როდესაც ხელისუფლება, ან მის მიმართ “ლოიალურად” განწყობილი მედია, ეროვნული გმირების სახელებს თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში იყენებს, საზოგადოების ნაწილში ჩნდება განცდა, რომ ისტორიული ავტორიტეტის, მოქმედ ხელისუფლებაზე გადატანის მცდელობა მიმდინარეობს.
მით უფრო მაშინ, როდესაც თავად, ბიძინა ივანიშვილს წარსულში არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკული შეფასებები ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური სტილისა და მისი “მანერის” ფორმის შესახებ.
სწორედ, ამ წინააღმდეგობამ გააძლიერა საზოგადოების რეაქცია. ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, როგორ შეიძლება ერთი მხრივ აკრიტიკებდე ზვიად გამსახურდიას, ხოლო მეორე მხრივ მის ისტორიულ სიმბოლოს საკუთარი პოლიტიკური ნარატივის გასაძლიერებლად იყენებდე. ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ საუბარი აღარ არის ისტორიის პატივისცემაზე, საუბარია, პოლიტიკური სიმბოლოების გამოყენებაზე საზოგადოებრივი განწყობების სამართავად.
საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელია. საქართველოში ისტორიული მეხსიერება კვლავ ძლიერ პოლიტიკურ ფაქტორად რჩება. ეროვნული მოძრაობის ლიდერები, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, დღემდე მორალურ ავტორიტეტებად აღიქმებიან და მათი სახელების გამოყენება მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში ყოველთვის მწვავე რეაქციას იწვევს.
ამ შემთხვევამ, ასევე აჩვენა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი შიში, რომ ეროვნული ისტორიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოების პოლიტიკურ ბრენდად გადაქცევა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ნაწილისთვის ეს უკვე მხოლოდ მედიის შეცდომა აღარ იყო ეს აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკური გზავნილი, რომელმაც უკურეაქცია და კიდევ უფრო ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია.
საბოლოოდ, მცდელობამ, ისტორიული ფიგურების მეშვეობით პოლიტიკური ლეგიტიმაცია გაეძლიერებინათ, საზოგადოების ნაწილში საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. გაჩნდა განცდა, რომ ეროვნული მოძრაობის ისტორია პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილად იქცა, რაც ბევრისთვის მიუღებელია.
“ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯით საკუთარი რეიტინგის კრიზისი, კიდევ უფრო გააღრმავა. ხელისუფლება, რომელიც უკვე მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია, მსგავსი ქმედებებით მხოლოდ ადასტურებს, რამდენად მოწყვეტილია საზოგადოების განწყობებსა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას.
ბერდია კალანდია















