მთელი ძალისხმევა, ფინანსები, რესურსები, რაც აშშ-მა ბოლო 30 წლის განმავლობაში დახარჯა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის ერთი კაცის ახირება, რომელსაც ხელისუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა და სწორედ, აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც აშშ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიიღებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიულ ვექტორს ცვლის და ქვეყანა იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელსაც ქართველი ხალხი არ ეთანხმება.
„ძალიან საწყენია, დასანანია, რომ ქვეყანა, რომელიც ბოლო 30-32 წლის განმავლობაში გვერდში გედგა – რესურსებით, ძალისხმევით, ენერგიით, თანხებით, ყველაფრით, საქართველოს, სადაც გაუჭირდა ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქვე იყო, შენ ზურგს აქცევ და მტრად აცხადებ. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სხვა კლუბში უკეთესი პირობებია, ავტოკრატიულ კლუბში, როგორიც არის ბელარუსი, ირანი, რუსეთი, იქ მმართველები ხელისუფლებას ათწლეულობით ინარჩუნებენ. შეერთებული შტატების გადმოსახედიდან, სწორედ ეს ჩანს, რომ მთელი ძალისხმევა, ენერგია, რაც საქართველოზე დაიხარჯა – ერთი ახირებული კაცი, რომელსაც ძალაუფლებაში უსასრულოდ უნდა ყოფნა, ამ ისტორიულ ვექტორს ცვლის და საქართველო იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელსაც არც ქართველი ხალხი არ ეთანხმება და ეს არა მხოლოდ მათი გამოსახედიდან არის დასანანი, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის დიდი წინააღმდეგობა, ეს ბოლო ორი თვის აქციებმა დაადასტურა. აქედან გამომდინარეობს ის ზომები, რომელსაც შეერთებული შტატები აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიიღებს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.