ისტორია წარსულის დამახსოვრებაა-რას წერდა გაზეთი “ახალი თაობა” 2002 წელს

“უშიშროების მინისტრი ციხეში უნდა იჯდეს: გამახარია ოსაძემ გაამართლა, უშიშროება სასამართლოთი ემუქრება”-ასეთი სათაურით გამოქვეყნდა პუბლიკაცია 2002 წელს, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უკვე მეორედ მოუწია იმის მტკიცება, რომ ერთ-ერთი დეპუტატი კაგებეს აგენტი არ არის. ამ შემთხვევაში საქმე დეპუტატ ჯემალ გამახარიას ეხებოდა. რამდენიმე თვის წინ მიშა ოსაძის კომისიას გურამ შარაძის კაგებეშნიკობის გაბათილება მოუწია. როგორც მაშინ, ამჯერადაც დეპუტატი გამართლდა და მას უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა არ დაუმტკიცდა. გამართლებულმა გამახარიამ კი ერთი ისეთი ფრაზა წარმოთქვა, რომ დეპუტატებს საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდათ, უშიშროება იქით თანამშრომლობდა გამახარიასთან.

უმჯობესია ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. მიმდინარე წლის ნოემბრის გაზეთ “ახალ თაობაში” დაიბეჭდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის ინტერვიუ, სადაც ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ჯემალ გამახარია 1982 წლიდან კაგებესთან თანამშრომლობდა. ამ განცხადებას ბუნებრივია პარლამენტში რეზონანსი მოჰყვა. დეპუტატებმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სთხოვეს, რომ მას ეს ბრალდება შეესწავლა. თავად კაგებეშნიკობაში დადანაშაულებულმა გამახარიამ კი თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე ხმაურიანი პრესკონფერენცია მოაწყო. ამ პრესკონფერენციებზე გამახარიამ ნადარეიშვილის მიმართ რამდენიმე სერიოზული ბრალდება გამოთქვა. როცა საქმემ ძალიან სერიოზული სახე მიიღო, თამაზ ნადარეიშვილი გამახარიას შეხვდა. ამ საუბარს არავინ არ დასწრებია. საუბარმა 4 საათზე მეტ ხანს გასტანა. არავისთვის არ არის ცნობილი თუ რაზე ისაუბრეს მხარეებმა, მაგრამ ფაქტია, იმ დიალოგის შემდეგ გამახარიას ნადარეიშვილზე აუგი არ უთქვამს.

მიხეილ ოსაძემ პარლამენტს კომისიის დასკვნა გასული კვირის მიწურულს წარუდგინა. მუშაობის პროცესში კი კომისია ბრალმდებელ ნადარეიშვილსაც შეხვდა, რომლისგან ოსაძემ მიიღო ის ქსეროასლი, რომლითაც გამახარიას აგენტობა მტკიცდებოდა. ნადარეიშვილმა ოსაძეს წარუდგინა გამახარიას აგენტობის დამამტკიცებელი ბარათი. ამ ბარათის თანახმად გამახარია საბჭოთა უშიშროებამ 1982 წლის 24 თებერვალს გადაიბირა. მისი “დამვერბოვკებელი” ვინმე ამნიაშვილი გახლდათ, ხოლო აგენტის ფსევდონიმი იყო მჭედლიშვილი. ოსაძემ ფაქტიურად გამოძიების დაწყებისთანავე გაამართლა გამახარია, რადგანაც განაცხადა, რომ ბარათში უამრავი უზუსტობა იყო დაშვებული.

სანამ მიხეილ ოსაძე თავის დასკვნას წაიკითხავდა, გამახარიამ მთელი საქართველოს გასაგონად მოითხოვა, რომ ამას აფხაზეთისა და საქართველოს უშიშროების მინისტრები დასწრებოდნენ. გამახარიას განცხადებით მას ამ უწყებების პირველი პირებისთვის მეტად საინტერესო ინფორმაციები უნდა ეცნობებინა. მან საზოგადოება იმითაც დააინტრიგა, რომ თქვა – აუცილებლად ვიტყვი იმ ფაბრიკაზე, რომელიც კაგებეშნიკების ყალბ ბარათებს ამზადებსო.

ოსაძის განმარტებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროება ჯემალ გამახარიას ვერაფრით ვერ “დაავერბოვკებდა” 1982 წლის 24 თებერვალს. ეს უკანასკნელი ამ დროს კუიბიშევში ცხოვრობდა. როგორც ოსაძე განმარტავს, რაიონული თუ საქალაქო უშიშრების სამსახური სხვის ტერიტორიაზე აგენტს ვერ “დაავერბოვკებდა”. ეს კანონით მკაცრად იყო აკრძალული. ამასთან, ბარათში არის მეორე უზუსტობაც. ბარათში მითითებულ მისამართზე ჯემალ გამახარია მხოლოდ 1990 წელს გადავიდა საცხოვრებლად.

მოკლედ, ოსაძის კომისიამ გამახარიას აგენტობა არ დაადასტურა და დეპუტატის მომხრეებმაც შვებით ამოისუნთქეს. აღორძინების წევრმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა მოითხოვა, რომ ვინმეს გამახარიასთვის მორალური ზიანი აენაზღაურებინა. ჭიპაშვილის მტკიცებით აგენტობის დაბრალების დღიდან გამახარია საშინელ დღეში იყო და ის ამ ამბავს განიცდიდა. თავად გამახარია დაახლოებით ერთი თვის წინ კი იმუქრებოდა, რომ ნადარეიშვილს სასამართლოში უჩივლებდა, მაგრამ ბოლო მომენტში ესეც გადაიფიქრა.

გამახარიას გამართლებასთან დაკავშირებით სიხარული გამოთქვეს დეპუტატებმა. თუმცა, რევაზ ყიფიანმა პარლამენტის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა, რომ აწი ასეთი საქმეების შესწავლა ოსაძის კომისიას აღარ დაევალოს. ამ მთხოვნას მიხეილ ოსაძეც შეუერთდა. ყიფიანის განცხადებით, თუ ერთი დეპუტატი მეორეს აგენტობას დააბრალებს, მათ მტყუან-მართალი სასამართლოში უნდა გაარკვიონ. გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის უხერხულობას ბადებს ის ფაქტი, როცა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამა თუ იმ დეპუტატის აგენტობას სწავლობს.

დეპუტატმა კობა ამირხანაშვილმა კი საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში აგენტები ბლომად არიან და ისინი არათუ ადრე თანამშრომლობდნენ კაგებესთან, არამედ ახლაც თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთანო.

მოგეხსენებათ, რომ ახლო მომავალში პარლამენტი ისევ დაუბრუნდება საარჩევნო კოდექსზე მუშაობას. იმ ჯგუფს, რომელიც ამ კოდექსის შექმნაზე მუშაობს, გიგი წერეთელი უდგას სათავეში. ამირხანაშვილმა კი წერეთელს მოსთხოვა, რომ ახალი კოდექსის შემუშავებისას მათ ჩადონ სპეციალური მოთხოვნები, რომლის თანახმადაც კენჭს ვერ იყრის ისეთი კანდიდატი, რომელსაც არა აქვს გავლილი ნარკოლოგიური, ფსიქიატრიული და სხვა სპეცშემოწმებები. ამასთან, დეპუტატობის კანდიდატმა უშიშროების სამსახურისგანაც უნდა წარმოადგინოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ის არ თანამშრომლობდა და არ თანამშრომლობს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

დეპუტატმა გამახარიამ კი თავისი გამოსვლით სიტუაცია სერიოზულად დაძაბა. მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამახარიამ კოლეგები გააფრთხილა, რომ ნებისმიერ მათგანს საკმაოდ სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგანაც საქართველოში არის ფაბრიკა, რომელიც აგენტის ბარათებს აწარმოებს. “როგორც კი რომელიმე თქვენგანი იტყვის მთავრობისთვის რაიმე მიუღებელს, ნებისმიერ თქვენგანზე დაიდება ისეთივე ბარათი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო” – განაცხადა გამახარიამ.

რომელმაც აღიარა, რომ მას უშიშროებასთან მართლაც აქვს თანამშრომლობა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის კი არ თანამშრომლობს უშიშროებასთან, არამედ უშიშროება თანამშრომლობს მასთან. როცა დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ აწვდის გამახარიას უშიშრება ინფორმაციას, უკანასკნელმა უპასუხა: იმიტომ, რომ უშიშროების სამინისტროში კიდევ არიან პატიოსანი თანამშრომლებიო. როგორც გამახარია ამტკიცებს, მასთან მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მივიდა უშიშროების პატიოსანი თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ნადარეიშვილი მას რაღაცის “გაჩალიჩებას” უპირებდა. საბოლოო ჯამში გამახარიამ გაარკვია, რომ ნადარეიშვილი მას კაგებეშნიკობის დაბრალებას უპირებდა. გამახარიას ნადარეიშვილისთვის შეუთვლია, ეს არ ქნა, “გაბანძდებიო”. მაგრამ ნადარეიშვილამდე ეს ამბავი მის მოადგილეს არ მიუტანია. ამის გამო ნადარეიშვილი, გამახარიას აზრით, შავ დღეში ჩავარდა.

შავ დღეში ჩავარდნილი ნადარეიშვილი გამახარიას გამართლების პროცესს არ დასწრებია. სამაგიეროდ, გამახარიას მონოლოგს ყურადღებით უსმენდა აფხაზეთის უშიშროების მინისტრი გენერალ-მაიორი ლევან კიკნაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ყველა ელოდა, რომ გამართლებული გამახარია ნადარეიშვილს დააყრიდა შავ დღეს, მან კი იერიში ლევან კიკნაძეზე მიიტანა.

“მე ვაცხადებ მთელი ქვეყნის გასაგონად, რომ ჩემზე ყალბი ბარათი ლევან კიკნაძემ შეთითხნა. მე ვაცხადებ, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. ის დასაჭერია. ის უშიშროების მინისტრი კი არ უნდა იყოს, არამედ უშიშრების საკანში უნდა იჯდეს” – ყვირილზე გადავიდა გამახარია.

აღშფოთებულ გამახარიას დეპუტატები აწყნარებდნენ და ურჩევდნენ, რომ დაწყნარებულიყო. გამახარიას ბრალდებებს ლევან კიკნაძე მხოლოდ მაშინ გამოეხმაურა, როცა მას პასუხის გასაცემად სამთავრობო მიკროფონი ჩაურთეს. “რაც გამახარიამ განაცხადა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – ასეთი იყო კიკნაძის პასუხი. “რა არის ტყუილი, შენ დამნაშავე ხარ და ციხეში უნდა იყო” – კვლავ ყვიროდა გამახარია. როცა მის დაწყნარებას საშველი აღარ დაადგა, ლევან კიკნაძემ გამახარიას ურჩია, იმაზე ეფიქრა თუ ვის რა წვლილი მიუძღოდა აფხაზეთის დაკარგვაში. უშიშროების გენერალმა გამახარიას ისიც შეახსენა, რომ არსებობს ვიდეოკასეტა, რომელზეც დაფიქსირებულია, სოხუმის დაცემის შემდეგ როგორ ცეკვავს გამახარია ჩეჩნებთან ერთად.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კიკნაძემ განაცხადა, რომ თუ მას გამახარია საჯაროდ ბოდიშს არ მოუხდის, ის სასამართლოში იჩივლებს. “იცოდეს გამახარიამ, მასზე არსებობს სერიოზული ინფორმაცია. გვაქვს კასეტა, სადაც მისი საქმეებია დაფიქსირებული” – აცხადებს კიკნაძე. თავად გამახარია ამ მხრივ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ოსაძის კომისიის დასკვნის მერე თავს სანახევროდ რეაბილიტირებულად გრძნობს.

შორენა მარსაგიშვილი

ახალი თაობა
2002-12-08

banner
წინა სტატიაშითუ ვინმე პროვოკატორი ან უბრალოდ რეგვენი რუს ტურისტებს ან ჟურნალისტებს მიუვარდება, გააჩერეთ! კრემლს სწორედ ეგ უნდა
შემდეგი სტატია19 წლის მარიამი, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა პირველ კომენტარს აკეთებს