ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს, დაშავებულია 2000-ზე მეტი

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-ს აჭარბებს, ხოლო დაშავებულია 2048. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულებს შორის არის ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებიდან 330 მძიმე მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ორი ისრაელელი ტურისტი მოკლეს
შემდეგი სტატიაისრაელში პოლიციის ქართველ-ებრაელი ოფიცერი, ისაკ ბუზუკაშვილი დაიღუპა