ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა. მისივე ინფორმაციით, ღაზის სექტორში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.
ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ავიარეისები თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სრულდება.
“შაბათ საღამოს სრულდება ორი ფრენა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. კვირას გვექნება სამი ფრენა – ორი “ჯორჯიან ეარვეისის” და ერთი “ელალის” მეშვეობით. მომდევნო დღეებში ასევე “ჯორჯიან ეარვეისი” და “ელალი” განახორციელებენ ფრენებს, მათ შორის, ბათუმშიც…
ქვეყნის ჩრდილოეთი დღეს [14 ოქტომბერს] იყო საჰაერო თავდასხმის ქვეშ, თუმცა პრევენცია მაშინვე განხორციელდა. რაც შეეხება ქალაქების ევაკუაციას, ამ დრომდე ევაკუაციაზე საუბარი არ არის. თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, გვეცოდინება ოფიციალური არხების მეშვეობით და მოხდება გავრცელება. დღეს ევაკუაციის საშიშროება არ დგას, ამ გადაწყვეტილების წინაპირობები ჯერ არ არის. როგორც ვიცი, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან ევაკუაცია ხორციელდება სამხრეთ ნაწილში და ეს ისრაელის ტერიტორიას არ ეხება…
ღაზის სექტორში ჩვენ არ გვყავს საქართველოს მოქალაქე, რის გამოც ჩართულები არ ვართ პროცესში, თუმცა სხვა ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის იქ და დღეს დერეფანი იყო გახსნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზა ეგვიპტის საზღვრის მეშვეობით. თუმცა, ეს მითითება გაუქმდა, ვინაიდან ისრაელმა ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხო გამოსვლა სასაზღვრო პუნქტიდან და თავიანთ ლოკაციებზე დააბრუნეს. დერეფანი უახლოეს საათებში ისევ გაიხსნება. მდგომარეობა დაძაბულია და არ არის მარტივი, მაგრამ უფრო ლოკალური ხდება, ვიდრე ეს იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველ დღეებში,” – განუცხადა ჟვანიამ “საზოგადოებრივ მაუწყებელს.”