11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ისრაელმა აღიარა, რომ მისმა ჯარისკაცმა ლიბანში დაამსხვრია ქრისტეს ქანდაკება

ისრაელმა აღიარა, რომ მისმა ჯარისკაცმა ლიბანში დაამსხვრია ქრისტეს ქანდაკება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ისრაელის თავდაცვის არმიამ  განაცხადა, რომ დადგენილია სოცქსელებში გავრცელებული ფოტოს ნამდვილობა: მასზე აღბეჭდილია ისრაელელი ჯარისკაცი, რომელიც უროთი ამსხვრევს ჯვარცმული ქრისტეს ქანდაკების თავს სამხრეთ ლიბანში.

„პირველადი შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ფოტოზე გამოსახულია ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცი, რომელიც სამხრეთ ლიბანში მოქმედებს,“ _ ნათქვამია არმიის მიერ სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ ინციდენტს „უკიდურესი სერიოზულობით ეკიდებიან“, ჯარისკაცის საქციელი „სრულიად ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც იზიარებენ სამხედროები“.

არმიამ განაცხადა ასევე, რომ გამოძიების შემდეგ სათანადო ზომებს მიიღებს ინციდენტის მონაწილეთა მიმართ. ასევე ის თანამშრომლობს ადგილობრივ თემთან, რათა ქანდაკება აღდგენილ იქნეს.

მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მან  დაგმო ეს ქმედება და დისციპლინური ზომების მიღების დაპირება დადო. ამასთანავე კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება რელიგიური ტოლერანტობის მიმართ.

არაბულენოვანი მედიასაშუალებების ცნობით, ქანდაკება მდებარეობს სამხრეთ ლიბანის სოფელ დებლში, ისრაელის საზღვრის მახლობლად.

ქრისტიანები ლიბანის მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს შეადგენენ.

ლიბანი ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელ კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ლიბანში მოქმედმა რადიკალურმა შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ისრაელზე სარაკეტო იერიშები დაიწყო მარტის დამდეგს. ისრაელმა ამას უპასუხა მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მასირებული დარტყმებით და სამხრეთ ლიბანში ჯარების შეყვანით. ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანში რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ 18 აპრილს ჰეზბოლასთან მიღწეულ იქნა საზავო შეთანხმება.

banner
წინა სტატიაშიისრაელი: “ისლამური რევოლუციური გვარდია” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე თავდასხმას გეგმავდა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი: კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად