ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას, გვინდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს

ისრაელს არ სურს, ზიანი მიაყენოს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ჩვენ ვებრძვით ტერორისტულ დაჯგუფებას და არა ღაზის მოსახლეობას. ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიცხოვროთ „ჰამასის“ ისლამური სახელმწიფოს მმართველობით ჩვენს საზღვრებთან“, – ამბობს ჰაგარი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პალესტინელების ევაკუაციის ბრძანება მიზნად ისახავს „მოქმედების თავისუფლებას“ და „ჰამასის“ წინააღმდეგ ზიანის გაღრმავებას

„„ჰამასმა“ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი აქტი, რომელიც მსოფლიოს უნახავს. ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობის ევაკუაციას, რათა დავანგრიოთ ეს ორგანიზაცია“, – ამბობს ჰაგარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, გაერო ამბობს, რომ ასეთი ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში შეუძლებელი იქნება და მათ ესმით, რომ ამას რამდენიმე დღე დასჭირდება.

„ჩვენ ვაგზავნით გაფრთხილების შეტყობინებას საკომუნიკაციო არხებით არაბულად. არსებობს გზები, რომ მესიჯი მივიდეს მოსახლეობამდე. ვინც არ უსმენს ამ რეკომენდაციებს, საფრთხეში აყენებს თავის ოჯახს“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან ერთად, ჰაგარი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ძალისხმევა მიმართულია „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების მოკვლაზე.

banner
წინა სტატიაშიპალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1537-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგაერო-ს დახმარების სააგენტოს ღაზას ოპერაციები სამხრეთით გადააქვს