ისრაელის პრეზიდენტი: განვიხილავდით შესაძლებლობას, ვიზიტი გადაგვედო, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ

news
ავტ.: news იანვარი 9, 2017 14:13

ისრაელის პრეზიდენტი: განვიხილავდით შესაძლებლობას, ვიზიტი გადაგვედო, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მომხდართან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს დღევანდელ შეხვედრაზე მიუსამძიმრა.

„თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ნება მომეცით, გამოგიცხადოთ სამძიმარი, ისრაელში ახლახან მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი – დაშავდა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თქვენს გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, – განაცხადა კვირიკაშილმა.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ტერაქტის გამო, საქართველოში ვიზიტის გადადებას აპირებდნენ, თუმცა გადაიფიქრეს.

„მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, საქართველოში ვიზიტი გადაგვედო, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, – განაცხადა რუვენ რივლინმა.

საუბრისას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას ხაზი გაესვა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება და იმედი გამოთქვეს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისვის.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, რომლებიც წარმატებით ვითარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პროგრესზე, ვაჭრობის დინამიკაზე, ისრაელის კომპანიების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებსა და ვიზიტორების ზრდაზე. მხარეების შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დასახული ერთობლივი მიზნების მისაღწევად, ეფექტური მექანიზმია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის მეორე სხდომა, თარიღების შეჯერების შემდეგ, თბილისში გაიმართება.

შეხვედრისას, საუბარი კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო.

გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

news
ავტ.: news იანვარი 9, 2017 14:13