ისრაელის არმიის მხრიდან ავიადარტყმების დროს ორი ქალი და რვა ბავშვი დაიღუპა

შაბათს, 15 მაისს ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაბომბა, სადაც საერთაშორისო მედია-ორგანიზაციების ოფისებიც იყო განთავსებული. მანამდე ლტოლვილების ბანაკი “ალ-შატი” დაბომბა, რომლის დროსაც ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

“გამოცდილებით ვიცით, რომ ეს ტერორისტების ჩვეულებრივი ტაქტიკაა – ირგვლივ ცოცხალი ფარი გყავდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მშვიდობიან მოქალაქეებზე გაკეთდეს აქცენტი და არა იმ ფაქტზე, რომ ჩვენი მიზანი ტერორისტი იყო”, – გერმანულ “დოიჩე ველეს” ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა განუცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ლტოლვილთა ბანაკში მიზანი “ჰამასის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ამავე დროს კონრიკუსს მისი სახელი და გვარი არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, მოხდა თუ არა მისი ლიკვიდაცია.

პალესტინური მედიისა და ექიმების ინფორმაციით, ისრაელის არმიის მიერ ლტოლვილების ბანაკის დაბომბვისას ათი ადამიანი დაიღუპა, ორი ქალი და რვა ბავშვი. ჯონათან კონრიკუსმა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში “ჰამასის” ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომლებიც, მათ “ცოცხალ ფარად” იყენებენ.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათი ღაზას სექტორში მოქმედება ადეკვატურია. “ჰამასმა და სხვა ტერორისტებმა 2300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისეთი, როგორიც აქ დავარდა” – “დოიჩე ველესთან” საუბარში მაღალჩინოსანმა თქვა და აღნიშნა, რომ თელ-ავივთან ახლოს დასახლებული პუნქტის დაბომბვისას 15 მაისს 50 წლის ებრაელი გარდაიცვალა.

იმავე დღე ისრაელის მიერ ღაზას მიმართულებით გასროლილმა ოთხმა რაკეტამ დაანგრა შენობა, სადაც რამდენიმე უცხოური მედიის წარმომადგენლების ოფისი იყო, მათ შორის, Al Arabiya-სი, Al Jazeera-სი და Associated Press-ის. შენობაში მყოფებმა ერთი საათით ადრე მიიღეს გაფრთხილება, რომ შენობაზე თავდასხმა მოხდებოდა და ის უნდა დაეტოვებინათ.

ამავე დროს, ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან მრავალი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო განგაშის სირენები ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე ქალაქში ისმოდა, მათ შორის, აშდოდში, აშკელონეში, ნეტივოტეში, სდეროტესა და კირიატ-გატში.

გასულ ღამეს ისრაელის არმიამ პალესტინელების ათობით სამხედრო ობიექტი გაანადგურა.

ღაზასა და ისრაელს შორის ურთიერთსროლები 10 მაისიდან არ წყდება. მხარეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე არაბი ოჯახის საცხოვრებლიდან გამოსახლება მოინდომა. ამან მასობრივი არეულობები გამოიწვია, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა. “ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის არმიამ, ავიაციამ და სახმელეთო ჯარებმა ღაზას სექტორი დაბომბეს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი დღის მანძილზე 139 პალესტინელია გარდაცვლილი, მათ შორის, 39 ბავშვი. დაჭრილია 950 მოქალაქე. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, დაშავებულია 560 პირი. გაეროს ცნობით, მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში 10 ათასი პალესტინელი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშავგულიძე: ბევრი საკითხი გავიარეთ და შევთანხმდით, რომ ორშაბათსაც შევიკრიბებით
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა