ბენიამინ ნეთანიაჰუს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა “ჰამასის” წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების გაგრძელებას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე, ანკლავის სრულად გაკონტროლების პერსპექტივით. ახალი გეგმა ინტენსიურ მოქმედებებს გულისხმობს და რამდენიმე თვეზეა გათვლილი.
“როიტერი” წერს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ტაქტიკას ცვლიან. იმის ნაცვლად, რომ რეიდების შედეგად კონკრეტული რაიონები შეამოწმოს და შემდეგ დატოვოს, როგორც აქამდე აკეთებდა, არმია შეინარჩუნებს კონტროლირებულ ტერიტორიას და დარჩება იქ “ჰამასის” სრულ ამოძირკვამდე ან მანამდე, სანამ ტერორისტული ორგანიზაცია არ დათანხმდება განიარაღდეს და ღაზის სექტორი დატოვოს.
ახალშემუშავებული გეგმა, “როიტერის”წყაროს თქმით, გულისხმობს ღაზის მოსახლეობის გადაყვანას სამხრეთით, რათა “ჰამასის” ხელში ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა გამოირიცხოს.
გეგმის რადიკალურობის მიუხედავად, მასში მაინც გათვალისწინებულია ფანჯარა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ “ჰამასთან” მოლაპარაკებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ თავად გეგმა არც მეტი, არც ნაკლები, ისრაელის მიერ გაცხადებულ სურვილს გულისხმობს, გააკონტროლოს სრულიად ღაზის სექტორი.