ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თქმით, ისრაელი მზად არის გაანადგუროს ქვეყნის მტრები. ამის შესახებ ჰერცოგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისაუბრა, რომელიც ისრაელში 1-დღიანი ვიზიტით იმყოფება.
ამავდროულად, ჰერცოგის თქმით, ისრაელი მძევლების დაუყოვნებლივ და სრულად გათავისუფლებას ითხოვს. მძევლებზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს განსხვავება ისრაელის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის.
გარდა ამისა, ისრაელის პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ირანი ლიბანში “ცეცხლს ეთამაშება”.
“მსურს განვმარტო: ჩვენ არ ვეძებთ დაპირისპირებას ჩრდილოეთ საზღვარზე ან ვინმესთან. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩვენი მოქალაქეების სახლში დაბრუნებაზე, მაგრამ თუ ჰეზბოლა ამ ყველაფერში ჩაგვითრევს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ლიბანი ფასს გადაიხდის. თქვენ მსგავსად, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ანტისემიტიზმის უდიდეს ზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, ასევე თქვენს ქვეყანაში. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს მძლავრი ზომები, რათა დაიცვას ებრაელი მოქალაქეები მთელ მსოფლიოში”. – თქვა ჰერცოგმა.