ისრაელსა და ლიბანს შორის შესაძლოა პირდაპირი მაღალი დონის კომუნიკაცია შედგეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის, გალია გამლიელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტს, ჟოზეფ აუნს ესაუბრება.
ინფორმაცია მოსალოდნელი საუბრის შესახებ პირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერები „ხვალ“ (ანუ დღეს) ისაუბრებდნენ.
ხუთშაბათს დილით, ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში BBC-ს განუცხადეს, რომ ისრაელთან დაგეგმილი კონტაქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
მიუხედავად ლიბანური მხარის გაურკვევლობისა, ისრაელის არმიის რადიოს ეთერში გამლიელმა დაადასტურა, რომ საუბარი დღეს შედგება.
















