ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF), მოსადი (ისრაელის დაზვერვის სამხახური) და შინ ბეტი(ისრაელის უსაფრთხოების სამსახური) ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმა იგეგმებოდა.
უწყებების განცხადებით, მთავარი გეგმა, სხვა სამიზნეებთან ერთად, მოიცავდა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენზე იერიშს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
ერთობლივი განცხადების თანახმად, დაჯგუფების საქმიანობა მას შემდეგ აღიკვეთა, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მისი წევრები ოპერატიული საქმიანობის მომზადების პროცესში დააკავა.
განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შეტანილი ფეთქებადი დრონები და სხვა საბრძოლო მასალა, ასევე სადაზვერვო მასალები მომავალი სამიზნეების შესახებ, რომელთა შორისაც არის ისრაელის საელჩო და ბაქოს სინაგოგა.
ისრაელის სპეცსამსახურების თქმით, ოპერატიული მუშაკები ირანის პირდაპირი მითითებით მოქმედებდნენ და ჩართულნი იყვნენ სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაში თვალთვალისა და ფოტოგადაღების გზით. ქსელის მხილებას წინ უძღოდა ერთობლივი სადაზვერვო მუშაობასა და გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა IRGC-ის საგარეო ოპერაციების ფარული აპარატის ფართო სტრუქტურა.
ისრაელის მხარის განცხადებით, აღნიშნულ აპარატს ხელმძღვანელობდნენ IRGC-ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ოპერაციებზე და კოორდინაციას უწევდნენ აგენტების გადაბირებასა და მომზადებას საზღვარგარეთ ისრაელის, ებრაულ და დასავლურ სამიზნეებზე თავდასხმების განსახორციელებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში დაჯგუფების გაუვნებელყოფა იყო ნაწილი უფრო ფართო ძალისხმევისა, რომელიც ამ ქსელთან დაკავშირებული თავდასხმების აღკვეთას ისახავს მიზნად.
„მოსადი“, IDF და „შინ ბეტი“ აცხადებენ, რომ კვლავ გააგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და საზღვარგარეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და დიპლომატიურ ობიექტებზე თავდასხმის მცდელობების აღსაკვეთად.
ინფორმაცია, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა, თავდაპირველად აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 6 მარტს გაავრცელა.















