ისრაელი და აზერბაიჯანი: სტრატეგიული თანამშრომლობა

vasil-papavaთეირანის საგარეო პოლიტიკა ბაქოს მიმართ უნდა განვიხილოთ აზერბაიჯან-ისრაელის ფართო თანამშრომლობის კონტექსტში, რადგან ზუსტად რომ ისრაელის გააქტიურებამ სამხრეთ კავკასიაში თავის დროზე გამოიწვია ირანის პოზიციის გამკაცრება.

საბჭოთა კავშირის დაშლა გახდა აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი. ორივე ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა რთულ გარემოში, რამაც უფრო დააახლოვა ბაქო და იერუსალიმი.

ისრაელისათვის, ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავკასიის რეგიონი. ისრაელის დაინტერესება კავკასიისადმი შეიცავს შემდეგ მიზეზებს:

1         ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემები (აქედან გამომდინარე მის გადასაწყვეტად ენერგო დივერსიფიკაციის მცდელობები);

2         ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ირანი და მისი გეოპოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად კავკასიის სახელმწიფოებთან სამხედრო-სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა სპეცსამსახურების კუთხით;

3         კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაული დიასპორის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა.

 

ისრაელის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროში წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს.

ისრაელი აზერბაიჯანის ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. ქვეყნის მოთხოვნების 30% ისრაელი იკმაყოფილებს აზერბაიჯანის ნავთობით (დიდი პარტიით შეაქვს ასევე ნავთობ-პროდუქტები). ისრაელი გამოთქვამს დიდ დაინტერესებას აზერბაიჯანის გაზის მიმართ. მაგალითად, 2011 წ. აზერბაიჯანმა ისრაელს მიაწოდა 2.1 მლრდ. დოლარის (18,5 მლნ ბარელი) ღირებულების ნავთობი.

აზერბაიჯან-ისრაელის თანამშრომობა უსაფრთხოების სფეროში სასიცოცხლო მნიშვნელოვანი და მომგებიანია ბაქოსა და იერუსალიმისათვის. ნათელია, რომ აზერბაიჯანის საერო რეჟიმის შესაძლო დამხობა მძიმედ დააზარალებს ისრაელის უსაფრთხოებას და აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს.

აზერბაიჯან-ისრაელის შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რეალური მოცულობა აღემატება 1 მლრდ. დოლარს, რაც 80-ჯერ მეტია ანალოგიური თანამშრომლობისა აშშ-სთან.

ყარაბაღის ომის დროს ისრაელი და თურქეთი აწვდიდნენ აზერბაიჯანის მთავრობას იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს (“სტინგერი”).

ირანის შიდაპოლიტიკური სიტუაციის შესწავლა ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სპეცსამსახურების პრიორიტეტული საგანი (არსებული ინფორმაციით აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყანაში მცხოვრები ირანელებისათვის შექმნა ხელსაყრელი პირობები, პირველ რიგში ეს ეხება სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ სხვადასხვა პრივილეგიებით), თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკის უშიშროების სამსახურები ძლიერ ჩამორჩებიან ირანის სპეცსამსახურებს, ბაქომ გამოსავალი ნახა ისრაელიდან ინსტრუქტორების მოწვევაში (დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სპეციალისტები).

ასე რომ, აზერბაიჯანის სპეცსამსახურების (“ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო”) ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის დაზვერვის სამსახურმა (ისრაელმა ფაქტიურად უანგაროდ მოამზადა აზერბაიჯანის დაზვერვისა და უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლები). თურქეთის უშიშროების სამსახურის “MIT”-ის როლი აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მოდერნიზაციის პროცესში ცალკე განხილვის საგანია. ამ პროცესში ისრაელის უშიშროების მრჩევლები ცდილობდნენ შეესწავლათ არსებული სიტუაცია ირანის საზღვართან (“მოსად”-მა შექმნა ელექტრონული მოსმენის სადგური). დღეისათვის, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის სრული თანხმობის საფუძველზე, ირანის საზღვართან “მოსად”-ი პოსტსაბჭოთა სივრცეში აყალიბებს ერთ-ერთ უმსხვილეს რეზიდენტურას.

არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენს საგარეო ვიზიტებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს კურირებს “მოსადი”. თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

ისრაელს და აზერბაიჯანს გააჩნიათ ინტენსიური თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

1          ინფორმაციის გაცვლა;

2          ინფორმაციის ანალიზი (მათ შორის თანამგზავრის მონაცემები);

3          ბრიფინგების მოწყობა და სხვა.

 

ისრაელისადმი ამგვარი დამოკიდებულებამ აზერბაიჯანს მისცა საშუალება აღჭურვოს თავისი არმია თანამედროვე შეიარაღებით, რისი საშუალებაც მას არ გააჩნდა ევროპასა და აშშ-სთან თანამშრომლობის პერიოდში. ეს კიდევ ერთი მცდელობაა მოახდინონ ირანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. თუმცა, პოსტ-სანქციური ირანის პირობებში, ურთიერთობა ბაქოსა და თეირანს შორის გადადის ახალ ეტაპზე, მათ შორის მრავალი წლის განმავლობაში არსებული დაძაბულობის მაჩვენებელი კი იკლებს.

აზერბაიჯანის ტეროტორიაზე ისრაელის “მოსადი”-ს საქმიანობის სფეროში შედის:

1          სადაზვერვო ღონისძიებები;

2          ირანის აგენტურული ქსელის აღმოჩენა და განეიტრალება;

3          აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი ირანელების გადმობირება.

 

ზემოაღნიშნული ქმედებები ჯდება ირანის წინააღმდეგ მიმართულ ისრაელის სტრატეგიულ პოლიტიკაში, რომელიც, სპეცსამსახურების საქმიანობასთან ერთად მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს:

1         პოლიტიკური მიდგომა (ირანის საკითხის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოზე);

2        საიდუმლო საქმიანობა (“მოსადი”-ს სპეცოპერაციები ირანის ბირთვული ფიზიკოსების წინააღმდეგ);

3         ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება (ისრაელის სპეცსამსახურების მცდელობები ხელი შეუშალონ ირანს მოიპოვოს ინფორმაცია და ტექნოლოგია ბირთვული იარაღის შესაქმნელად);

4         სანქციები (აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერით ირანზე სანქციების დაწესება);

5         რეჟიმის შეცვლა ძალისმიერი მეთოდით (სტუდენტური დემოკრატიული მოძრაობისა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერით სიტუაციის დესტაბილიზაცია შემდგომი ძალისმიერი მეთოდით საგარეო ჩარევა აიათოლების რეჟიმის საბოლოოდ დამხობამდე. თუმცა, ირანის ხელისუფლების დამხობა ამ გზით პრაქტიკულად შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის სასულიერო პირები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, მათ გააჩნიათ დიდი მხარდაჭერა მოსახლოებაში და უძლიერესი სამხედრო მანქანა).

 

“მოსადი”-სსფეროში ასევე შედის – ირანის აზერბაიჯანში სეპარატიზმის გაღვივება. ცნობისთვის, 1995 წ. აზერბაიჯანელმა პროფესორმა მაჰმუდ ალი ჩოხრაგანლიმ შექმნა “სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული გამოღვიძების მოძრაობა”, რომელიც აკრძალულია ირანში და გააჩნია მჭიდრო ურთიერთობა ბაქოსთან. საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით “საეგმ” იბრძვის სამხრეთ აზერბაიჯანის თვითგამორკვევის უფლების აღდგენისათვის.

აზერბაიჯანისათვის ისრაელთან თანამშრომლობა შეიცავს რამდენიმე სტრატეგიულ კომპონენტს:

1          აზერბაიჯანი და ისრაელი დგანან რეგიონალური უსაფრთხოების საშიშროების წინაშე;

2       აზერბაიჯანი შიშობს, რომ ირანი შეეცდება ძალისმიერი მეთოდით დაამხოს არსებული რეჟიმი (დღეისათვის ეს შიშები ნაკლებად აქტუალურია, რადგან თეირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში პრაგმატული და დაბალანსებული)

3         ირანი უცხადებს მხარდაჭერას სომხეთს, რომელმაც დაიკავა მთიანი ყარაბაღი (აზერბაიჯანი კი ფსონს დებს ისრაელზე, როგორც ძლიერ მოკავშირეზე). აქ აღსანიშნავია ერთი სანტერესო მომენტი – 2016 წ. აპრილში კონფლიქტის ხელახლა განახლების დროს, ირანმა მოუწოდა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, რაც რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რაც მას წლებინ მანძილზე ეკავა ამ კონფლიქტის მიმართ.

4          აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა ებრაელებთან თანამშრომლობით ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროპაში სომხური დიასპორის გავლენას;

5         ისრაელის დახმარებით ბაქო ცდილობს მოახდინოს არმიისა და ქვეყნის უშიშროების სამსახურების მოდერნიზება.

 

ცნობისთვის, 1992–1994 წწ. ისრაელი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს სომხეთთან ომში. გარდა ამისა, აზერბაიჯანში მცხოვრები ებრაელები იბრძოდნენ ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხების წინააღმდეგ (აზერბაიჯანის ებრაულ დიასპორას გარდა ისრაელისა, გააჩნია მჭიდრო და სტაბილური ურთიერთობები ამერიკულ ებრაელთა ორგანიზაციებთან). 2012 წ. თებერვალში აზერბაიჯანმა და ისრაელმა გააფორმეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის მხარეს ისრაელი მიაწვდიდა 1.6 მლრდ. დოლარის ღირებულების იარაღს.

მიუხედავად ფართო ურთიერთობებისა, აზერბაიჯანს არ გააჩნია ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა იმის შიშით, რომ ეს ხელს შეუშლის მის ურთიერთობებს სხვა მუსულმანურ ქვეყნებთან.

ისრაელი, რომელიც ათწლეულობის მანძილზე იმყოფება მტრულად განწყობილი მეზობელი არაბული ქვეყნების გარემოცვაში, ცდილობდა გაეძლიერებინა თავისი უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ისრაელი ცდილობს დაამყაროს კარგი ურთიერთობები მუსულმანურ (არა არაბული) ქვეყნებთან. ეს სტრატეგია მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, არამედ იმის დემონსტრირებას, რომ ისრაელს შეუძლია იქონიოს კარგი ურთიერთობა მუსულმანურ ქვეყნებთან. ამით ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ არ არსებობს ისრაელ-მუსულმანური ან ებრაულ-მუსულმანური დაპირისპირება.

საბჭოთა კავშირის განგრევის შემდეგ ისრაელმა დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები ახალ დამოუკიდებელ მუსულმანურ ქვეყნებთან. აზერბაიჯანში ებრაელებსა და ადგილობრივი მოსახლეობის შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება გახდა ისრაელ-აზერბაიჯანის გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველი.

თუმცა, რამდენად შეიცვლება აზერბაიჯანისა და ისრაელის თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროში იმ ფონზე, როდესაც ირანი აპირებს გააქტიურდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.

ვასილ პაპავა 

აღმოსავლეთმცოდნე

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი აშშ-ში 750 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვით იმუქრება