ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს კამერების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ ჰამასის ტერორისტებს მძევალი ალ-შიფას საავადმყოფოში. ჩანაწერი 2023 წლის 7 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც ჰამასმა მოულოდნელი თავდასხმა მოაწყო ისრაელზე და ტერორისტებმა ასობით ადამიანი გაიტაცეს.
IDF-ის ცნობით, ჩანაწერზე ჩანს ორი იდენტიფიცირებული მძევალი, რომელთაგან ერთ-ერთი დაჭრილია. ჩანაწერზე ამოცნობილი მძევლები ტაილანდის და ნეპალის მოქალაქეები არიან, რომლებიც ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცეს. როგორც ჩანს, ალ-შიფას საავადმყოფოში მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მათ ჰამასის ტერორისტები მეთვალყურეობენ. ვიდეოს მიხედვით, მძევლები ჰამასის ტერორისტებმა საავადმყოფომდე მანქანით მიიყვანეს.
19 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა თქვა, რომ ახალი მტკიცებულება ასევე ადასტურებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ჰამასი ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსს ერთგვარ ჰაბად და სამართავ ცენტრად იყენებდა. ჰამასი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.