აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის ვერ დაბრუნდება ის სტატუს კვო, რომელიც 7 ოქტომბრამდე არსებობდა და ომის დასრულების შემდეგ საჭიროა ჩანდეს, თუ რა მოხდება მომავალში. ბაიდენი თვლის, რომ საბოლოო გამოსავალი ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს.
“ისრაელელები და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ ერთმანეთის გვერდით უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას. ვეღარ დაბრუნდება სტატუს კვო, რომელიც 6 ოქტომბრისთვის არსებობდა. ეს ნიშნავს უზრუნველყოფას, რომ ჰამასმა ვეღარასდროს შეძლოს ისრაელის დატერორება და მშვიდობიანი პალესტინელების ცოცხალ ფარებად გამოყენება. ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, უნდა არსებობდეს ხედვა, რა იქნება მომავალში. ჩვენი აზრით, ეს ორი სახელმწიფოს პრინციპი უნდა იყოს. ეს ნიშნავს ყველა პარტნიორის: ისრაელელების, პალესტინელების, რეგიონული პარტნიორების, მსოფლიო ლიდერების კონცენტრირებულ ძალისხმევას, დავდგეთ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე”. – თქვა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.