ისნის გამგებელი – სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ყველა იმ ოჯახის შესახებ ინფორმაციას შეისწავლიან, რომლებსაც სპეცოპერაციის დროს უძრავ-მოძრავი ქონება დაუზიანდა.

ამის შესახებ ლაბუჩიძემ ჟურნალისტებს დაზარალებული ოჯახების მონახულების შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარება მხოლოდ 12-მა ოჯახმა ითხოვა, თუმცა შესაძლოა ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს.

„მხოლოდ ერთ სადარბაზოში არ ხდება მოსახლეობის შეშვება. შესულები არიან კრიმინალისტები. ვერ გვაძლევენ ზუსტ ინფორმაციას თარიღთან დაკავშირებით თუ როდის დასრულდება სამუშაოები. სავარაუდოდ, ეს ალბათ მოხდება ხვალ. ჩვენ ველოდებით ამ სადარბაზოს 25-ვე ოჯახს. ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა, ხოლო გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი, რომლებიც ვერ ბრუნდებიან ბინებში. თქვენ იცით, რომ სამი სართული არის დაზიანებული, ორ-სამი დღის შემდეგ შერჩეულ ბინებში გადავიყვანთ ამ ოჯახებს, ვუქირავებთ ბინებს იმ პერიოდით ვიდრე არ შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. თუ იქნება მეტი მომართვა, რა თქმა უნდა, მზად გვაქვს სხვა სასტუმროც, სადაც დაბინავდებიან“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაზიანებულ ავტომანქანებს, როგორც ლაბუჩიძე აცხადებს, ავტომანქანების მფლობელებმა უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას, ხოლო საპატრულო პოლიცია დოკუმენტაციას გამგეობას გადაუგზავნის.

„ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით გვაქვს ინფორმაცია. შემოსულია ზარები, შესაბამისი პროცედურაა გასავლელი. ავტომანქანების მფლობელებმა უნდა შეატყობინონ პატრულს და პატრულიდან უნდა შემოვიდეს საბუთები. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზოგი მანქანა დაზღვეულია, ზოგი არ არის დაზღვეული“, – განაცხადა გამგებელმა.

მისივე ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობის ცხელ ხაზზე ასევე შევიდა ზარები მოპირდაპირე კორპუსებიდან. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი სახლის მინები ტყვიით არის დაზიანებული.

„იყო ზარები მოპირდაპირე კორპუსიდან მინების ჩამსხვრევასთან დაკავშირებით, რომ მათ ფანჯრებს მოხვდა ტყვია. თუმცა უნდა შევისწავლოთ და ხვალიდან, სავარაუდოდ, დავიწყებთ შესწავლას და ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ანაზღაურდეს“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – მჯერა, რომ მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში მეტ მშვიდობას ნიშნავს მსოფლიოში
შემდეგი სტატიაავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია