ისლანდიამ და ნორვეგიამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვა აქტიურად დაიწყეს.
Politico-ს ცნობით, ოფიციალური რეიკიავიკი და ოსლო ბლოკში ინტეგრაციას უკვე არა ეკონომიკური კეთილდღეობის, არამედ პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით ესწრაფვიან.
როგორც ირკვევა, დასავლელი პარტნიორების იზოლაციონისტურმა მიდგომებმა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომმა მდიდარი სახელმწიფოებისთვის ბრიუსელის სტრატეგიული ქოლგის ქვეშ შესვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახადა.
აღსანიშნავია, რომ განხილვის პროცესის დაწყებას დადებითად ხვდებიან ევროკავშირში. როგორც ირკვევა, ოფიციალური ბრიუსელისთვის ფინანსურად ძლიერი და განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების მიღება გაცილებით პრიორიტეტულია. ცნობისთვის, სკანდინავიური სახელმწიფოები ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანათა ათეულში შედიან, რაც ბლოკის ცენტრალური ბიუჯეტისთვის დამატებითი ტვირთის გაჩენას სრულად გამორიცხავს.
ამასთან, მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატების შეფასებით, ისლანდია და ნორვეგია ევროკავშირის კანონმდებლობის საკუთარ სამართლებრივ სისტემაში ინტეგრირებისთვის პრაქტიკულად 80 პროცენტით უკვე მზად არიან. შესაბამისად, მყარი ინსტიტუტების მქონე კანდიდატების დაჩქარებული წესით მიღება ბლოკში შიდა პოლიტიკური კრიზისების გამეორების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ ისლანდიის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების მიზნით დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარების პროცესი დააჩქარა.
მდიდარი და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოების მხრიდან გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამოხატულმა ინტერესმა გარკვეულწილად გაართულა პროცესი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც უკრაინა და მონტენეგრო არიან. როგორც ცნობილია, მოქმედი წევრი სახელმწიფოების მთავრობები ახალი, შედარებით ღარიბი წევრების მიღების შემთხვევაში საერთო ევროპული ფონდებიდან დაფინანსების წილის შემცირებას აქტიურად უფრთხიან.















