“ისინი მიზანმიმართულად ქმნიან რუსეთისგან მტრის ხატს საკუთარი შეცდომების გადასაფარად”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს რუსეთზე.
პუტინის თქმით, ზემო აღნიშნულს ევროპარლამენტარები, ყურადღების გადასატანად აკეთებენ.
პარასკევს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარე რუსული ექსკლავის, კალინინგრადის მიმართ არსებული მუქარები ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხეს შეიცავს.
მოსკოვში გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მდებარე რუსეთის ამ ანკლავზე თავდასხმას არავინ გაბედავს.
“ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება. თუ ჩვენს წინააღმდეგ ამგვარი მუქარები შეიქმნება, ჩვენ მათ აღვკვეთთ. ყველას უნდა ესმოდეს და გააცნობიეროს, რომ მსგავსი ქმედებები გამოიწვევს კონფლიქტის ისეთ ესკალაციას, რომელიც აქამდე არ გვინახავს,“ — განაცხადა დიქტატორმა.
მან გააფრთხილა დასავლეთი, რომ კალინინგრადის რეგიონზე ნებისმიერი თავდასხმა კონფლიქტს „სრულიად სხვა დონეზე აიყვანს და მას ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებად გადააქცევს“. „ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“.
ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ, პუტინმა აღნიშნა, რომ ისინი მიზანმიმართულად „ქმნიან რუსეთისგან მტრის ხატს საკუთარი შეცდომების გადასაფარად და ყურადღების სხვაგან გადასატანად“.
















