ისინი არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე იმყოფება.

მას სამართალდამცავებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. გიგაური ამბობს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

„ისინი არღვევდნენ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ცხადია, ისინი იღებენ უკანონო ბრძანებებს და ამ უკანონო ბრძანებებს ასრულებენ,“ – ამბობს გიგაური.

ეკა გიგაურის განცხადებით, სამართალდამცავები კანონდარღვევით მოქმედებენ.

„ისინი არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ მშვიდობიანად გამოგვეხატა ჩვენი აზრი და გაგვეშალა კარვები, რაც არის ჩვენთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ებრძვის არა მხოლოდ ზაზა სარალიძეს, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის გვერდზე დადგეს,“ – განაცხადა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, თუ არ უნდა მთავრობას, რომ საახალწლოდ კარვები იყოს პარლამენტის წინ, უნდა გამოძიონ ხორავას ქუჩის საქმე.

„თუ სახელმწიფოს და მთავრობას არ უნდა, რომ აქ იყოს კარავი და არ უნდა, რომ აქ იდგეს ზაზა სარალიძე, ამ შემთხვევაში, მისი დარღვეული უფლებები მათ უნდა აღადგინონ და დასაჯონ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო მისი შვილის მკვლელობაში და ასევე გავლენას ახდენდა გამოძიებაზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის უფროსი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებას უყენებს
შემდეგი სტატიაეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიებაა ჩვენი მხრიდან