ISFED პანსიონზე: ომბუდსმენს მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს

სამართლიანი არჩევნები – ISFED ეხმიანება ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებულ მოვლენებს და მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან.

“პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები საფუძველშივე რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

სამართლიანი არჩევნები მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადი მდგომარეობა.

აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანია გამოყვანილი, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი”.- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს:

საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას – დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა;
სამართალდამცავ უწყებებს – დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ;
სახელმწიფოს – უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს;
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს – გადატანილი სტრესის გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი.

banner
წინა სტატიაშიაბასთუმანში დაკარგული 7 ახალგაზრდა იპოვეს
შემდეგი სტატიაგოცირიძე: კომუნისტურმა ინსტიქტებმა გაიღვიძა ხელისუფლებაში