ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” („სამართლიანი არჩევნები”) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

ორგანიზაციის ცნობით, ნინო დოლიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩიეს.

“ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიასანიკიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ მეგობარი აქტის მიღების პროცესი აშშ-ის სენატში კიდევ უფრო დაჩქარდება და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა “ქართული ოცნებისთვის”