ISFED: გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან ზეწოლა-მუქარა პოლიტიკურ აქტივისტებზე

სამართლიანმა არჩევნებმა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. სამართლიანი არჩევნების ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. ამასთან, იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ დაფიქსირებული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სამართლიანი არჩევნების ცნობით, 11 ფაქტიდან 3 შემთხვევაში, იკვეთება უშუალოდ პოლიციის მხრიდან ზეწოლა-მუქარა პოლიტიკურ აქტივისტებზე.

“ასევე გამოვლინდა კამპანიისთვის ხელის შეშლის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისების დაზიანების შემთხვევებიც, რაც საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის დაზიანების შემთხვევები, რასაც კამპანიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 11, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 7, სააგიტაციო მასალების დაზიანების 5 ფაქტი გამოვლინდა”, – აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

Isfed-ის ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების ხელის შეშლისა და ოფისების დაზიანების 6 შემთხვევიდან 3 შემთხვევაში თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს დაესხნენ, ხოლო ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატების საჯარო შეხვედრების ჩატარებისთვის ხელის შეშლას.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ასევე, მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას – უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვა და მაქსიმალურად დაიცვას საარჩევნო სუბიექტების თანასწორობა კანონის წინაშე. Isfed-ი პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართავს, აღკვეთონ ამომრჩეველთან ურთიერთობის იმგვარი ფორმები, რომელიც წარმოქმნის ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს, ასევე, თავი შეიკავონ ოპონენტი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე მათი აქტივისტების მობილიზაციისა და კონტრაქციების ორგანიზებისაგან.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია გიორგი რუხაძემ დატოვა
შემდეგი სტატიაქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა