ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

“სამართლიანი არჩევნები” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ ის განსაკუთრებულ გარემოში – გლობალური პანდემიის ფონზე – ჩატარდა, რაც გამოწვევას წარმოადგენდა, როგორც არჩევნების ორგანიზების, ასევე ამომრჩეველთა და საარჩევნო პროცესის მონაწილე სხვა ძირითად აქტორთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებისთვის.

“არჩევნების დღე, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად, კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა ზეწოლა/მუქარა/მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლემ, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა”, – წერს ISFED

“სამართლიანმა არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგი ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. მათი ცნობით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავის განხილვისთვის დადგენილ სტანდარტებს.

“გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩვენო კომისიებში მიმდინარეობდა საქმის გარემოებათა შესწავლისა და არსებითი განხილვების გარეშე და, შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების ნაცვლად, კომისია ეყრდნობოდა მხოლოდ საუბნო საარჩვენო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს მოვალეობას, კენჭისყრის სათანადოდ ჩატარებასთან ერთად, მისი შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარი ნდობა უნდა მიღწეულიყო, ყველა არსებულ შენიშვნასა და საჩივარზე, დასაბუთებული და გამჭვირვალე განხილვის შედეგად მიღებული პასუხით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე განცხადებით, საარჩევნო დავების განხილვისას, ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საერთო სასამართლოებშიც.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშითბილისის მერიამ 700 მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატიასესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის