ევროსაბჭოში დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია მორიგი რეზოლუციის მიღება.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მოახლოებულ სხდომას აფასებს და აცხადებს, რომ მოლოდინი კვლავ უსაფუძვლო ბრალდებებია. მისი თქმით, ამ პროცესების უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დაზიანებაა.
ლევან მახაშვილის განცხადებით, მიუხედავად დროის სვლისა, საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის მიდგომები ოფიციალური თბილისის მიმართ არ იცვლება, რაც ვიწრო ინტერესებით არის ნაკარნახევი:
„გადის პერიოდი, ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება იყოს მათ დაკრულზე მოცეკვავე. სწორედ ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს რეზოლუციები და განცხადებები“.
„ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, ერთი და იგივე ძალა, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ. ჩვენი მოლოდინია, რომ დებატებიც იქნება იგივე უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ“.
მიუხედავად კრიტიკისა, კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ღია რჩება, თუმცა გარკვეული პირობებით:
„ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი, ოღონდ მტკიცებულებებზე და სიმართლეზე დაფუძნებული დიალოგისთვის“.















