ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საქართველოში კი არა, სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არა საქართველოში, არამედ სადღაც მზიან კუნძულზე ვიმყოფებოდით, რომელსაც არც ერთი პრობლემა არ აქვს და ლამის კომუნიზმს ვაშენებთ, – ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში.

„არც ერთი სერიოზული საკითხი არ იყო დასმული: არც მოსამართლეების და ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, “თიბისის” და ანაკლიის საქმის, არც ერთი ის მძიმე პრობლემა, თუნდაც სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. ჩვენ დავინახეთ, რომ ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდილიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილს საქმის კეთება არ სურს.

„მას არ უნდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პრეზიდენტი არ არის ბუტაფორიული, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო ფუნქცია და თუნდაც ის, რომ მას არ უნდა შეწყალების პროცესში მონაწილეობის მიღება, სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისამი წინაპირობა, რომლის შესრულებასაც მამუკა ხაზარაძისგან წერილით ითხოვდნენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ხაზარაძეზე – „სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი“