ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ბაზრობის მიმართულებით შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე. არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 15 ჯგუფი.

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

წინა სტატიაშიევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – იტალიელ ხალხს ვულოცავ რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავს, ჩვენი ქვეყნები ამაყობენ საერთო ევროპული ღირებულებებით