ის, რომ ჩვენ გვსურს საქართველო ომში ჩაერთოს, ეს აბსურდია, ეს არის ტყუილი – კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველის“ ეთერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, რას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ამბობს, რომ თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, ფარდას ახდიან რაღაცას, კრამონმა განაცხადა, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ და მთელი პროცესი არის გამჭვირვალე.

„ძალიან კარგი შეკითხვაა, მეც მაინტერესებს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ასე რომ, თუ რამეს ფარდა ასახდელი აქვს, გთხოვთ, რომ ეს გააკეთონ. მთელი პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, არის სტანდარტები და კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ან მიისწრაფვით კანდიდატის სტატუსისკენ და ამის შემდეგ იწყება ეს პროცედურა, რომელიც ნორმალიზებულია და სტანდარტიზებულია. ძალიან მარტივი გასაგებია, რა არის საჭირო. არის ძალიან ბევრი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ხელისუფლებამ და ისინი უნდა განხორციელდეს, ეს ეხება შიდა პოლიტიკას, საარჩევნო კანონს, სასამართლო თემას, ამაზე რეფორმებს დაგვპირდა საქართველოს მთავრობა და გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ დემოკრატიული პროცესის ამ ნაწილიდან არ გადაუხვევენ. ასე რომ, წარმოდგენა არ მაქვს, რა ბრალდებებს გვიყენებს და რა ფაქტები გააჩნია ვინმეს, რომელსაც შეიძლება, რომ ფარდა აეხადოს“, – განაცხადა კრამონმა.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესმის ის მესიჯი, რომელიც ხელისუფლებიდან ისმის ბოლო დღეებში, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა სურს, კრამონმა უპასუხა:

„უპირველეს ყოვლისა, ცხადია, რომ საქართველოს მთავრობა რეზოლუციით არ არის მაინც დ მაინც ბედნიერი. არის რამდენიმე პარაგრაფი, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს და გასაგებია და სამართლიანია, რომ რაღაცას შეიძლება არ ეთანხმებოდე და ამაზე რაღაც დისკუსია მიმდინარეობდეს. მაგრამ როცა ასეთ ცრუ ბრალდებებს და თავდასხმებს ახორციელებენ, რა თქმა უნდა, ცუდი ტონია ეს. განსაკუთრებით მაშინ თუ გსურთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ და მაშინ, როცა ამ პარტნიორებთან აპირებ თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვაბრალო ის, რაც არასდროს არ გვითქვამს, არ დაგვიწერია. ის, რომ ჩვენ გვსურს საქართველო ომში ჩაერთოს, ეს აბსურდია და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის ტყუილი“, – აღნიშნა კრამონმა.

გარდა ამისა, კრამონი შეეხო რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი.

„იყო დამატებითი ჩანაწერი, რომელიც რეზოლუციის განხილვის შემდეგ შემოვიდა 5 სხვადასხვა მხარის მიერ. არა მხოლოდ ბრალდებებია, არამედ არის გარკვეული მანიშნებლები იმისა, რომ არის გარკვეული კავშირები კრემლთან. ნათელია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში გარეულია. ერთი ნაწილი იყო, სადაც ივანიშვილი იყო ნახსენები და იყო მეორე ნაწილი, სადაც ევროპარლამენტის ჯგუფებმა მოითხოვეს მისი სანქცირება. ვფიქრობ, სამართლიანი იყო მისი ხსენება, მაგრამ ჩვენს სანქციებზე არ მიგვიცია ხმა. სანქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭირო ხელსაწყოები არ გაგვაჩნია“, – დასძინა კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიკანდიდატის სტატუსი ნიშნავს ჯიბეებში მეტ ფულს, სესხზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს, მაღალ ხელფასს, უკეთეს თავდაცვას – გია ჯაფარიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
შემდეგი სტატიაუკრაინის დამცველებს ხერსონი გასათავისუფლებლად დასავლური იარაღი სჭირდებათ – ჟდანოვი