ის, რომ ასე ჭრიჭინით უჭირს პრემიერ-მინისტრს იმის თქმა, რომ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის მიმართ, ეს უკვე ნიშანია

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის წინაშეა პასუხისმგებელი.

გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერს უჭირს იმის თქმა, რომ ხალხის წინაშე აქვს ვალდებულება აღებული და რომ ივანიშვილის მიმართ არ არის ანგარიშვალდებული.

მისივე თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადება, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს მეგობარი ქვეყნების წინაშე გამოსვლამ განაპირობა.

„ის, რომ ასე ჭრიჭინით უჭირს პრემიერ-მინისტრს იმის თქმა, რომ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის მიმართ და იქ მაინც თავის პარტიის სახელს აკვეხებს, რომ ცუდად არ გამოჩნდეს, ეს უკვე ნიშანია, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ საპარლამენტო მოსმენისას მან საერთოდ ვერ გასცა პასუხი… თუმცა ამ პასუხით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ეს რაც მთავარია, არ ასახავს რეალობას,“ – განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერმა ბახტაძემ ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე Financial Times-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე – ვინ არის თქვენი ბოსი? უპასუხა, რომ ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.

პრემიერის განმარტებით, ოლიგარქიული სიტუაცია არ არის შექმნილი.

banner
წინა სტატიაშიშსს ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანას განიხილავს
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს