“ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის”

“ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტი ძალადობრივ რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის.

პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა, სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა.

პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას.

ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა, განსაკუთრებთ კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ქალები ისედაც დიდი ბარიერების წინაშე დგანან პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად.

იმედი მაქვს, რომ ცივილურობის იმ დონემდეც მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება.” დაწერა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელის თქმით, ერთი თაობაა ის მანძილი, რაც აშორებს ჩვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს
შემდეგი სტატია“ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ, სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის”