ჯაშუშობაში ბრალდებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანის, გიორგი უძილაურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის წერილს ავრცელებს.
უძილაური, რომელიც 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებული პირველი, 20-კაციანი გუნდის წევრი იყო, “ინტერპრესნიუსის” ცნობით, აცხადებს, რომ მმართველი პარტია დღეს „მკვდარია“.
„ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია. მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. დღევანდელი „ოცნების“ ხელმძღვანელობა ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად“, — აცხადებს უძილაური.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმთან საერთოდ არ უბრძოლია, დღეს კი მტრად აცხადებენ იმ დასავლეთს, რომელიც 2012 წელს „ოცნებას“ გამარჯვებაში და ივანიშვილის უსაფრთხოების დაცვაში ეხმარებოდა.















