ირმა ნადირაშვილი : შალვა შავგულიძე ძლიერი და ღირსეული კანდიდატია, რის გამოც მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის პროგნოზით, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქი ცხელი წერტილი იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირმა ნადირაშვილი მათი კანდიდატის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე ძლიერი და ღირსეული კანდიდატია, რომლის მიმართ ბრალდებები და ბრძოლა დაიწყო.

„ჩვენთვის ეს ვითარება უცხო არ არის, პარტიების მხრიდან ჩვენზე თავდასხმა მუდმივად ხდება. მას შემდეგ რაც პარტია შეიქმნა, ამ რეჟიმში მუშაობს. ხან გვაბრალებენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვართ გარიგებული, ხან ამბობენ, რომ სააკაშვილთან ვართ გარიგებული. ჩვენი გზა გვაქვს და ვცდილობთ, ამომრჩევლის მხარდაჭერა ჩვენი ღირებულებებით მოვიპოვოთ.

რაც შეეხება ახლა გააქტიურებულ ფონს, ეს გასაკვირი არ არის. მთაწმინდაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება, ეს იქნება ცხელი წერტილი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვიცით, ხელისუფლება არჩევნებს როგორ იგებს. მხედველობაში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა მაქვს”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართული ოცნების” კანდიდატ, ლადო კახაძეზეც ამახვილებს ყურადღებას.

„თუ ისე მივუდგებით, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მაშინ შეგვიძლია, ლადო კახაძე ახალ სახედ გავასაღოთ. ქართულ პოლიტიკაში ლადო კახაძე არის თავისი ისტორიით. მნიშვნელობა არ აქვს, ლადო კახაძეს დააყენებენ, თუ ახალი რეზიუმეს მქონე ადამიანს. მთავარია, ხელისუფლება რა მეთოდებს გამოიყენებს; მიმართავს თუ არა ძალადობას, მოსყიდვას, პოლიციის გამოყენებას”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, ირმა ნადირაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის შეფასებისგან თავი შეიკავა.

„არ შემიძლია, მისი პოსტების შინაარსზე ვისაუბრო”, – დასძინა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ვამაყობ, რომ პირველად შემოგვაქვს კანონმდებლობის დონეზე სიტყვა სამშობლო” – კილაძე
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძე საკვების მიღებაზე უარს ამბობს