ირმა ნადირაშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე – როგორ ხდება, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში კამერების ჩანაწერები ქრება?!

როგორ ხდება, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში კამერების ჩანაწერები ქრება?! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერები გაქრა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შემთხვევაში.

ნადირაშვილმა უმრავლესობას მიმართა, ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ არ სურთ განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინონ.

”შორს ვარ იმ აზრისგან და ისეთი პათოსისგან, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის დრო იყენებდა. არ ვაპირებ ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დავადანაშაულო. ეს არის გამოძიების საგანი და მოთმინებით დაველოდები გამოძიებას, მაგრამ დღემდე არც ერთი ბოლომდე მისული გამოძიება არ მინახავს. მე აუცილებლად უნდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. სამწუხაროა, რომ მომხდარიდან ძალიან მალე შს სამინისტრო გარდაცვლილის დისკრედიტაციას შეეცადა და ამ მიზნით განცხადება გაავრცელა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ადამიანებისგანაც კი მოვისმენე, რომ არსებობდა კამერების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კამერების ჩანაწერების მხოლოდ ფრაგმენტები გვაჩვენეს და ძირითადი მომენტები, რასაც შეეძლო ამ ტრაგიკული შემთხვევისათვის ნათელი მოეფინა, ჩვენ ვერ ვნახეთ, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მოხდა ჩარევა და მონტაჟი, თუმცა ესეც აუცილებლად არის გამოძიების საგანი”, – განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა გადაიდო