ირმა ნადირაშვილი – მგონია, რომ ახლა მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს

”ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, რესტრუქტურიზაციის შესახებ გეგმაზე ხელისუფლების დამოკიდებულებაზე პარლამენტის ცარიელი დარბაზი მეტყველებს.

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

ნადირაშვილის შეფასებით, მთავრობის ოპტიმიზაციის საკითხი გაუაზრებელი ნაბიჯი იყო.

”წლების განმავლობაში ჩვენი ჩიჩინის შემდეგ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული რეორგანიზაცია ჩაატაროთ და ამ გადაწყვეტილების თაობაზე გამოგვიცხადეთ. ჩემი აზრით, ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი პროცესი, რადგან თქვენ დღემდე არ გაქვთ ზუსტი და ნათელი პასუხები იმაზე, ზუსტად რა მცირდება, რამდენით მცირდება, როგორი იქნება ბიუროკრატიული ხარჯები მომავალში და ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი დღესაც ვერ მოვისმინეთ. ის, თუ როგორი ენთუზიაზმით ეკიდებით ამ ცვლილებას, ჩანს თუნდაც იმ ცარიელი დარბაზიდან, რომელსაც მე ახლა ვუყურებ. გასაგებია, რომ თქვენ ეს ცვლილებები ნამდვილად არ გეხალისებათ. რაც შეეხება ამ ცვლილებების განხორციელებამდე პერიოდს, მე მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმ ცვლილებებზე, რომელიც იყო დაშვებული. თავის დროზე, როცა თქვენ შექმენით კრიზისების მართვის საბჭო, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთადერთი ნიშნით, მაშინ არ ეთანხმებოდით პრეზიდენტ მარგველაშვილს, როგორც ახლა არ ეთანხმებით. არაფერი შეცვლილა და გინდოდათ პარალელური სტრუქტურის შექმნა. ეს სტრუქტურა გააკეთეთ, ეს იყო მექანიკური ცვლილება და სამი წლის განმავლობაში 16 მლნ ლარი დაიხარჯა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შენახვაზე”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი ინფორმაციით, კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძის ხელფასი იყო 7975 ლარი, მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძის – 5975, და მეორე მოადგილე ზედელაშვილის 6000 ლარი. ირმა ნადირაშვილი სვამს კითხვას, თუ ”რაში ვუხდიდით ამ ადამიანებს ასეთ მაღალ ხელფასს”.

”ყველა კრიზისულ სიტუაციაში ამ საბჭომ მაქსიმალურად შეირცხვინა თავი”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატი შეეხო საკადრო ცვლილებას, რომელიცშს ყოფილ მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ეხება.

”მე მგონია, რომ ახლა მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს. 82 მლნ გამოყავით და შექმენით ახალი სამსახური ამ ადამიანისთვის. არ ვიცი ჭიკაიძე – ზედელაშვილი როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ მაინტერესებს მღებრიშვილის საკითხი. მან ბევრი შეცდომა დაუშვა, კითხვებზე პასუხები არ მიგვიღია. მღებრიშვილი არის ჩვეულებრივი ”მაოხრებელი მკვდარი”, რადგან როცა შს სამინისტროდან წავიდა, ჩატაევი უკვე საქართველოში იყო და მას არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ინფორმაცია არ ჰქონდა”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, თოვლისგან გზის გასაწმენდად, ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე – მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის შიდა პოლიტიკის საქმეა