ირმა ინაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა – განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს

განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

ირმა ინაშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნები ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის გადამწყვეტი იქნება და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს სიფრთხილე და სიფხიზლე მართებს.

„მუდმივად გვესმის, თურმე „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს, ალბათ 80%-ს და შესაძლოა, 95%-ს, რატომ არა 100%-ს, თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს. ეს არის რეალობას მოწყვეტილი სრულიად აბსურდული განცხადებები, შეურაცხმყოფელი ქართველი საზოგადოებისთვის, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, თქვენ მიზანმიმართულად გამოდიხართ და ამბობთ, როცა გაქვთ სულ რაღაც 12-15% და ეტყობა, არ დადიხართ სოფლებსა და რაიონებში, რომ რეალურად იცოდეთ, რა მხარდაჭერა გაქვთ. ახლა აცხადებთ, რომ თურმე შუალედურ არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე 60% გაქვთ.

ჯერ ერთი, შუალედური არჩევნები რომ ჩატარდა, პოლიტიკური კლასისთვის აბსოლუტურად უინტერესო იყო და მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის შედეგი არანაირად არ აისახება 2020 წლის საარჩევნო შედეგზე. თქვენ ხართ ის ხელისუფლება და ხალხი, რომელიც თქვენს მენტალიტეტში ვერ იცვლებით, არაფრის დათმობა და გაყოფა არ გინდათ. ასეთი აზროვნება, ჩემო მეგობრებო, ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე, ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, წინასწარ პროცენტების ბრახაბრუხისგან თავი შეიკავეთ. როდესაც ემოციურად აცხადებთ ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და რაღაც წითელი ხაზები გაქვთ, ჩვენც გვაქვს გავლებული წითელი ხაზი თქვენთან, ვინმე გეხვეწებათ რაიმე კოალიციის შექმნას? ან რაიმე პარტნიორობას? რეალობას უნდა დაელოდოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, რა რეალობა შედგება და ხალხი ვის და რატომ მისცემს ხმას, მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით.

კოალიცია კი არა, სანატრელი გაგიხდებათ მოკავშირეები, რომლებიც არ გეყოლებათ. განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ, მაგრამ ეტყობა, თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეაში ხართ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ კლასს, ასევე საზოგადოებას, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. მართლა გადამწყვეტი იქნება 2020 წლის არჩევნები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან „ქართული ოცნების“ წყალობითა და ხელშეწყობით ხელისუფლება ხელში კიდევ არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიამ. სიფრთხილე და სიფხიზლე მართებთ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს. პროცენტების ბრახაბრუხზე თუ მიდგა საუბარი, ჩვენზე მეტი მხარდამჭერი რეალურად არ გყავთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: „ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ თავისი ბუნებით, უპრეცედენტო საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიული აქტს მხარი დაუჭრია“
შემდეგი სტატიაადა მარშანია მამუკა მდინარაძეს „ქართული ოცნების“ მთავარ დემაგოგს უწოდებს