ირმა ინაშვილი: თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს

თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

„50-ზე მეტ დეპუტატს აქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება, კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ მოხდეს თანმიმდევრულად ამ განცხადებების განხილვა და არა ინდივიდუალურად, როგორც ეს დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს ჩვენთან მიმართებაში, ანუ ყველა ამ განცხადების განხილვა უნდა მომხდარიყო ერთად და არა ცალ-ცალკე. ახლა ჩვენთან მიმართებაში რა ხდება, „ქართულმა ოცნებამ“ გამოყო მაინც და მაინც „პატრიოტთა ალიანსის სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. სასწრაფოდ, გუშინ დასვენების დღეს შეიკრიბა საპროცედურო კომიტეტი, დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს დადასტურება ჩვენი განცხადების, ხომ არ გადავიფიქრეთ?, ჩვენ, რა თქმა უნდა დავუდასტურეთ, რომ ძალაშია ჩვენი განცხადება, თუმცა ეს განაპირობა „ქართული ოცნები“ მიერ არჩევნების გაყალბებამ და არა იმან, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა არ გვინდოდა და არ გვინდოდა საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებით, არჩევნების გაყალბებით. „ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ სამი ან ოთხი დეპუტატის შესვლა ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმასა, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს რეგლამენტს და კონტექსტიდან მოწყვეტით გადის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ძალიან ჰგავს ბოლშვეკური მმართველობის სტილს, ეს არის ჩვენი სამაგალითო დასჯის მცდელობა, მაგრამ „ქართულ ოცნებისგან“ ეს უკვე აღარ გვიკვირს. ჩვენ არ მოგვწონდა წინა რეჟიმის მმართველობის სტილი, ჩვენთვის ის მიუღებელი იყო, მაგრამ მე ვსაუბრობდი პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ შეიქმნა, დაიბადა, ჩვენ თვალწინ, ახალი პოლიტიკური ცხოველი, მუტანტი, ძველი რეჟიმი შეერწყა ახალს, ერთი გახდა ეს ყველაფერი და დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბდა არჩევნები, მითვისებულია ხელისუფლება, დღეს პარლამენტი უხეშად არღვევს კანონმდებლობას და ვითომ არაფერი და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო?, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი პარტიის წარმომადგენლებს საშუალება მისცა გადაწყვეტილება თავისუფლად მიეღოთ.

„ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. კი ბატონო, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სიით ბიზნესმენები არიან, რომლებიც ჩვენს ადგილმონაცვლეებს წარმოადგენენ, მაგრამ მე რაღაც ძალიან დიდ სულსწრაფობას ვამჩნევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და წარმომადგენლებს. ჯერ ჩვენი იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, შემდეგ გარკვეული ვადებია და იმის შემდეგ ხდება ადგილმონაცვლეების საკითხის განხილვა. ძალიან დიდ მოუთმენლობას ვამჩნევ „ქართულ ოცნებას“. ბიზნესმენები, რომლებიც არიან ჩვენ სიაში, არ არიან პარტიის წევრები. არსებობს გარკვეული ვალდებულებები, ეს ყველას ესმის და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. პოლიტიკა არ არის მარტო სფერო, სადაც შეიძლება ყველა პრინციპზე თქვას უარი ადამიანმა. პოლიტიკა არის სფერო, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზნეობრივ ქმედებას და ჩვენ ამ ბიზნესმენებთან მიმართებაში სწორედ ასეთი მიდგომა გამოვიჩინეთ. მათ მივეცით საშუალება გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღონ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება სიის ჩახსნას, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ამასთან დაკავშირებით ერთი მოსაზრება არ იყო.

„ბევრი დისკუსია გვქონდა ამ თემაზე. ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ, აქ არის პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მსჯელობა გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო არ ჩახსნა სია პარტიის თავმჯდომარემ, რომ გაითვალისწინა ეს ფაქტორები და სხვადასხვა მოსაზრებები. პარტიაში არ იყო მხოლოდ ერთი მოსაზრება და ეს ჯანსაღი პროცესია. ამიტომ, სიის წევრებმა მიმართეს ცესკოს განცხადებებით, 128-129 წევრმა მიმართა, რომ უფლებამოსილება მათი არ შევიდეს ძალაში და ვინც არ დაწერა განცხადება, ბიზნესმენებზე მაქვს საუბარი, მე არანაირი ბერკეტი, ხაზს ვუსვამ, მათზე ზემოქმედების არა მაქვს, მათ მიეცათ არჩევანის საშუალება. ბატონ ფრიდონ ინჯიას, რომელიც ჩვენი პარტიის წევრია წლების მანძილზე, მინდა მადლობა გადავუხადო პარტიული საქმიანობისათვის, მაგრამ თუ ბატონი ფრიდონი დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. აი, ამ არჩევანის გაკეთება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარებიც ახლა ისმის, არ არიან პარტიის წევრები. ისინი ჩვენი პარტიის შემომწირველები იყვნენ. ქალბატონ ნანა დევდარიანს განცხადება აქვს დაწერილი არ შევა პარლამენტში“, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველოში დადასტურდა კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამი