ირმა ინაშვილი: სამართლიანობა აკლია ქვეყანას და ჩემი მთავარი პრეტენზიაც „ქართულ ოცნებასთან“ ეს არის

ბევრი რამ მომწონს სამყაროშიც და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის პოზიციაც მომწონს, რომელიც ისე ფიქრობს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორც მე, თუმცა არ მომწონს ქლესა ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მოკლედ, არსებობენ სამყაროზე გაბოროტებული ადამიანები. ყველა ვიცნობთ ალბათ, ყველას გვყოლია ისეთი ადამიანი, რომლებიც ყველაფერზე გაბრაზებულები არიან, არაფერი არ მოსწონთ და მუდმივად არიან კრიტიკულად განწყობილი ყველაფრისადმი. ჩვენ ნამდვილად არ განვეკუთვნებით სამყაროზე გაბოროტებულებს, ბევრი რამ მომწონს სამყაროშიც და უმრავლესობის ზოგიერთი წევრის პოზიციაც მომწონს, რომელიც ისე ფიქრობს სტრატეგიულ საკითხებზე, როგორც მე. თუმცა არ მომწონს ქლესა ადამიანები. არასდროს ასეთ ადამიანებს სიკეთე არ მოუტანიათ არც სახელმწიფოსთვის და არც არც ერთი ხელისუფლებისთვის.

მთავარი რა არის – ერთი ქვეყანა გვაქვს, პატარა ქვეყანაა. ვფიქრობ, ამდენმა მინისტრმა, ამდენმა პარლამენტის წევრმა უნდა შეძლოს და მოუაროს ამ ქვეყანას. მე არ ვიცი, ამ ტრიბუნასთან როცა მოვდივარ, არასდროს არ ვფიქრობ რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებზე. ერთი რამე მაქვს თავში – პატარა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა და როგორ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს“,- განცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ პანდემიის პირობებში ნორმალურად იმუშავა, თუმცა, როგორც ინაშვილი ამბობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში ადამიანების დახმარება ვერ მოხდა.

„არის რაღაც, რაც მომწონს, არის რაღაც, რაც არ მომწონს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნები სამყაროზე გაბოროტებულთა პოზიციაში. ამიტომ ესეც უნდა ითქვას, ისიც უნდა ითქვას. კარგი რა არის, როგორ იმუშავა მთავრობამ? ნორმალურად. რა ვერ გავაკეთეთ კარგად? ის რომ სასიცოცხლო რაც იყო ადამიანებისთვის, ვერ დავეხმარეთ იმ დღეებში. კარგია, რომ ბატონმა გიორგიმ ეს აღნიშნა და თქვა, რომ კი გასულია დრო და ცუდია, რომ იმ ეტაპზე ვერ შევძელით ადამიანების დახმარება. ახლა მე გეკითხებით თქვენ – დღეს რომ შია ადამიანს და დღეს რომ სჭირდება საკვები, და თქვენ ეუბნებით სამი თვის მერე მოგცემ, რა გააკეთოს იმ კაცმა?

თქვენ რომ ეუბნებით დაიცავი ჰიგიენური ნორმები და ინსტრუქცია და ეს ადამიანი ვერ ყიდულობს ელემენტარულად საპონს, არა აქვს ნიღაბი, რა გააკეთოს ამ ადამიანმა? ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ დღეს, ამ წუთას, ახლა არის დახმარება საჭირო. ჩვენ ვლაპარაკობთ ასევე იმაზე, რომ კატეგორიები, რომელიც გამოყო მთავრობამ, უფრო მეტი გულმოდგინებით იყო საჭირო ამ კატეგორიების გამოყოფა, რადგან დაგვრჩა უზარმაზარი ფენა ადამიანებისა, რომლებიც ვერ ადასტურებენ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ. ეს ადამიანები დღეს საჭიროებენ სასიცოცხლო დახმარებას“,- განაცხადა დეპუტატმა.

ინაშვილის თქმით, ვერ მიიღო განმარტება, პარლამენტმა რატომ მიანჭა მთავრობას მთელი რიგი უფლებები.

„ასევე ვერ მივიღე განმარტება და ვერავინ ამიხსნის ალბათ, რა საჭირო იყო კონსტიტუციის დარღვევა, თუნდაც 15 ივლისამდე და ასეთი მნიშვნელოვანი რა აქვს მთავრობას გასაკეთებელი, რომ დაარღვია პარლამენტმა კონსტიტუცია და მთავრობას მიანიჭა მთელი რიგი უფლებები. რაში უნდა გამოიყენოს ეს მთავრობამ?ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, ჩვენ ვიბრძვით ადამიანების სიცოცხლისთვის – კარგია ეს, მაგრამ არ უნდა შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ ასევე ჩვენც ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა და სამართალიც – ეს არ არის ამ ქვეყანაში. მთავარი რამ არის და რაც ამ დარბაზში ხდება, ამისი მკაფიო მაგალითია. უკიდეგანო უსამართლობა. ამისი მოთმენა ნორმალური ადამიანის გულს არ შეუძლია. ეს თქვენი ბრალია რაც ხდება, მაგრამ რა ვქნათ ეს არჩევანი თქვენ გააკეთეთ“,- აცხადებს ირმა ინაშვილი.

დეპუტატი ძალების გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს.

„მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, თითოეულმა დეპუტატმა თუ მთავრობის წევრმა, რომ ჩვენთვის შეიძლება დრო ითმენს, ჩვენ შესაძლოა უკეთეს მდგომარეობაში ვართ იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც ახლა ტელეეკრანს უყურებს და მეტის, მოსმენა უნდა. გაერთიანებაა ძალების საჭირო, მთავრობა და ხელისუფლება იჩენს უკიდეგანო ეგოიზმს. კი ბატონო მუშაობთ მაგრამ ამ სახელმწიფოებრივ პროცესში ოპოზიცია პრაქტიკულად არ არის ჩართული. ილაპარაკე? დამთავრდა. მოისმინეს, მაინც იმას აკეთებს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ.

ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარა ქვეყანაა და ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ხალხი, მომთმენი, ამტანი, ბევრ რამეს გაუძლო ამ ხალხმა, კიდევ ბევრ რამეს ავიტანთ, მაგრამ სიყვარული აკლია, სითბო აკლია ქვეყანას. რაც მთავარია, სამართლიანობა აკლია ქვეყანას და ჩემი მთავარი პრეტენზიაც „ქართულ ოცნებასთან“ ეს არის. ეს გააკეთეთ თქვენ, განურჩევლობა დაამკვიდრეთ ქვეყანაში და სადაც სამართლიანობა არ არის, იქ ბედნიერი ქვეყანა ვერ აშენდება. ჩვენი შვილებისთვის ჩვენ სწორედ ბედნიერი, ლამაზი, მშვიდი ქვეყანა გვემეტება. სხვა ქვეყანა არ გვემეტება. ის ნანახი გვაქვს რაც იყო“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსებ ჭუმბურიძე – აქეთ – პრემიერი, რომელიც დროდადრო ფრთხილად იქავებდა უძილობისგან დაღლილ თვალებს; იქით – უსაქმურობით გაქსუებული ოპოზიცია
შემდეგი სტატიაკობახიძე: მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ – გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს