ირმა ინაშვილი: როგორ დავიცვათ სხვა ლუკა, სხვა ზურაბი, სხვა არჩილი, სხვა გიორგი, სხვა ვაჩე, სხვა ნიკოლზი

სიყვარულის ნაკლებობა, სიკეთის ნაკლებობა, გასაჭირში თანამოზიარეობის ნაკლებობა, ყველგან და ყველაფერში ეგოიზმი, წინა პლანზე- სულიერი და მატერიალური ტკივილები, ცხოვრება რწმენის გარეშე, იდეალების გარეშე, ავტორიტეტების გარეშე, ვინაიდან ყველა ავტორიტეტი მოსპეს, გაანადგურეს, გააქრეს, დაადუმეს და ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, რომ ჩვენი შვილების სული და გონება დაეპყრო სიცარიელეს, გულგრილობას, ცინიზმს… აგრესია – სკოლაში, ქუჩაში, ეკრანზე! საყოველთაო უპატივცემულობა! შიში ხვალინდელი დღის, ზეგინდელი დღის, საერთოდ, მომავლის…
და ამ ფონზე, 15 წლის მოზარდი სკოლასაც, საზოგადოებასაც, სახელმწიფოსაც ეუბნება:” ამ ცხოვრების დედაც”… სიმართლეს გვეუბნება… და ჩვენ ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვხედავთ, როცა აღარაა გამოსავალი!
მე მგონია, რომ ეს წარწერა იყო ჩვენი გამოფხიზლების და ყურადღების მიპყრობის მცდელობა მთავარ თემაზე – როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ღირებულებების საზოგადოებაში ვცხოვრობთ… ვინ ვართ, როგორები ვართ, რა მიზნები გვაქვს, საით მივდივართ…
ახლა დაიწყება გამოძიება. გასაგებია, რომ დამნაშავეებს ხელს არავინ დააფარებს. სკოლის კედლიდან დაწყებული გამომძიებლის ოთახით გაგრძელებული ყველა დეტალს, ყველა ეპიზოდს გააშუქებს მედია, იქნება მრავალი კომენტარი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების სახეების, პედაგოგების, ფსიქოლოგების და ა.შ. მაგრამ ვერც გამოძიების შედეგი, ვერც კომენტარები, ვერც აქცია-მანიფესტაციები ლუკას ოჯახს ლუკას ვეღარ გაუცოცხლებს.

ახლა, ამ უდიდესი ტრაგედიიდან გამომდინარე, ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს,- როგორ დავიცვათ სხვა ლუკა, სხვა ზურაბი, სხვა არჩილი, სხვა გიორგი, სხვა ვაჩე, სხვა ნიკოლზი, სხვა ანდრია, სხვა სანდრო, სხვა მამუკა, სხვა ლევანი, სხვა ცოტნე, სხვა ზვიადი გულგრილი სკოლის, სასტიკი გამომძიებლების, ცივი საზოგადოების, ნაცრისფერი ქუჩის, უსიყვარულო ქვეყნისაგან… როგორ დავუბრუნოთ ამ თაობას მზის სხივი, სითბო, მიზანი, სიყვარული, მაგალითი ურთიერთპატივისცემის, თანადგომის, თანალმობის… რომ სკოლის კედლებზე იხატებოდეს მხიარული მზე, ფერადი გემები და არა “ამ ცხოვრების დედაც”… ვიზიარებ ლუკას ოჯახის უსაზღვრო მწუხარებას და ვწერ რა ამ ფრაზას, კარგად მესმის, რომ სინამდვილეში ჩემი ვერც ერთი სიტყვა ლუკას ოჯახს ტკივილს ვერ შეუმსუბუქებს…

 

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
შემდეგი სტატიაზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ -“ამ ცხოვრების დედაც!!!