ირმა ინაშვილი: როცა ვინმეს აკრიტიკებ, უნდა გქონდეს პასუხი,- თავად როგორ მოიქცეოდი ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში

როცა ვინმეს აკრიტიკებ, უნდა გქონდეს პასუხი,- თავად როგორ მოიქცეოდი ამა თუ იმ კრიტიკულ ვითარებაში. ვთქვათ, მე ვარ ხელისუფლება, მე როგორ ვიმოქმედებდი.

ა) პირველ რიგში, აუცილებლად მექნებოდა გაცნობიერებული, რომ არ უნდა მოვატყუო არავინ. არც მტრები და არც მოკეთეები. ჯობია, ყველა ერთად შევკრიბო ან ცალ-ცალკე შევხვდე და ავუხსნა, რომ დაპირებულის შესრულება (სრულიად კონკრეტული მიზეზების გამო) არ შემიძლია, ვიდრე ფაქტის წინაშე დავაყენო ყველა ერთად და გამოვიწვიო უკიდეგანო უკმაყოფილება. ბოლოს- აქციები ქუჩაში! ჩემი არგუმენტები იქნებოდა ისეთი ნაღდი, ისეთი მყარი, ისეთი დამაჯერებელი, ვერავის დაებადებოდა აზრი, რომ მე ეს შემეძლო და არ გავაკეთე. მითუმეტეს, საკმაოდ უხერხული ფორმებით მოვატყუე.

ბ) მე რომ ხელისუფლება ვიყო, პოლიტიკურ ოპონენტებად არ მეყოლებოდა პოლიტიკური და უფრო ზუსტად, ნამდვილი კრიმინალები. არ გამოვაცხადებდი კოჰაბტაციას და წლების მანძილზე არ დავაფარებდი ხელს დამნაშავეებს. არ გამოვაცხადებდი ამ ჯგუფს მთავარ ოპოზიციურ ძალად. მითუმეტეს, ეს დამნაშავეები ვერ ისხდებოდნენ პარლამენტში, ვერც საგამოძიებო კომისიას შექმნიდნენ და ვერც ადამიანის უფლებების დარგში წაგვიკითხავდნენ ლექციას. შესაბამისად, არც ხალხს მოვუკლავდი იმედს და არც დამნაშავეებს წავახალისებდი, რომ ნებისმიერ მათგანს შეუძლია პოლიტიკური საქმიანობა და დეპუტატის მანდატით სარგებლობა.

გ) შესაბამისად, მე რომ ხელისუფლება ვიყო, თუ პროცესები მაინც გამექცეოდა ხელიდან, ქუჩიდან საღი, ადეკვატური ოპოზიცია გამაკრიტიკებდა (ეს უკვე შვება იქნებოდა საზოგადოებისთვის) და არა დამნაშავე რეჟიმის ლიდერები, რომელთა მმართველობის მძიმე შედეგებსაც დღემდე მწარედ იმკის ქართველი საზოგადოება.

დ) მე რომ ხელისუფლება ვიყო და ჩემი გადაწყვეტილებისა თუ განზრახვის გამო ოპოზიციამ ქუჩაში პროტესტი მაინც არ შეწყვიტა, იმაზე არ ვიფიქრებდი, როგორ არ შემელახოს სიამაყე. შევლახავდი საკუთარ სიამაყეს და მე თვითონ ჩავიდოდი ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. ხაზს ვუსვამ: საღ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. იმიტომ, რომ ოპოზიციასაც სჭირდება სიმართლე. როცა კაცი სიმართლეს ითხოვს, თვითონ მართალი უნდა იყოს. დღეს რა ხდება? მართალი არც ოცნებაა და არც სააკაშვილ- ბოკერია.

ე) აუცილებლად წავიდოდი შეთანხმებაზე. მოვიფიქრებდი რამდენიმე ვარიანტს, რასაც შევთავაზებდი ოპონენტებს. მოვუსმენდი. გავიაზრებდი. რაღაცას მე დავთმობდი, რაღაცას ისინი და კრიზისი ჩაქრებოდა, ხოლო პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან შემოვიდოდა პარლამენტში და ამას აღარ დაჭირდებოდა ჩვენი სპეცრაზმებისა და პოლიციის შეწუხება. არც საზოგადოებას შევაშფოთებდი, ვინაიდან ყველაზე გამოცდილი და გაწვრთნილი სპეცრაზმის გამოყვანაც კი, რომელიც ჰუმანურად მოქმედებს, ხალხს, როგორც წესი, აშინებს და ანერვიულებს. შესაბამისად, არავის ექნებოდა განცდა, რომ შემეძლო და არ ამოვწურე სიტყვის რესურსი და მაინც და მაინც სპეცრაზმი დავახმარე ჩემი პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას, რაც თავად გამოვიწვიე. ხაზს ვუსვამ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის სრული დაცვით იმოქმედა. ფაქტობრივად ძალა არ ყოფილია გამოყენებული, რაც კარგია და, როგორც ჩანს, წინა აქციების გაანალიზების შედეგია. აქვე ყველას ღიად და საჯაროდ ვეუბნები: როცა ხელისუფლებას სპეცრაზმი გამოჰყავს, თითოეული მოქალაქის და მითუმეტეს, პარლამენტის წევრის ვალდებულებაა, სიმშვიდისკენ და არაძალადობრივი ქმედებისკენ მოუწოდოს ხელისუფლებას. უამრავი დარბევის მსხვერპლი ვარ. ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი და ვიცი, რას ნიშნავს სპეცრაზმი ქუჩაში. უნდა შევთანხმდეთ, რომ არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა გამოიწვიოს ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ სპეცრაზმის გამოყვანა გახდეს აუცილებელი. სპეცრაზმი- მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ძახილის ნიშანი!
მაგრამ თუ მარტო ბოლო ეპიზოდზე ვისაუბრებთ (ე.წ. ჰუმანური დაშლა) და არ გავაანალიზებთ იმას, რატომ გავიდა პროცესი ქუჩაში, ვერსად ვერ გავფრინდებით.
მე რომ ხელისუფლება ვიყო, მეცოდინებოდა, რომ ეს ჩემმა ტყუილმა გამოიწვია, ამიტომ დასაწყისს დავუბრუნდები: არავის მოვატყუებდი და არც პოლიტიკურ სპექტაკლს დავდგამდი. სულ ეს არის. ვიღაცა შეიძლება სრულიად განსხვავებულად ფიქრობს. სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდა. კრიზისსაც სხვაგვარად დაძლევდა, უფრო უკეთესად, უფრო სწორად. მზად ვარ, გავიზიარო ეს ვარიანტები. უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს, ნათელი გონების ხალხის აზრია საინტერესო და ზედმეტად მიკერძოებულები აქ წერით თავს ნუ დაიღლით-წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე აქციის დაშლის დროს დაკავებულთა უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს
შემდეგი სტატიაპარლამენტის წინ 10-მდე კარავია გაშლილი