ირმა ინაშვილი – “ქართული ოცნება” არჩევნების გასაყალბებლად ყველა მეთოდს იყენებს!”

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. ირმა ინაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” არჩევნების გასაყალბებლად ყველა მეთოდს იყენებს.
1. დილის 10 საათზე, აბაშის აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ცომაია და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე კოტე არველაძე პირდაპირ ქუჩაში ურიგებდნენ ფულს ამომრჩეველს. ეს ხდებოდა მე-11 საარჩევნო უბანზე.
2. ზუგდიდში, N96 საარჩევნო უბნიდან გააძევეს “პატრიოტთა ალიანსის” დამკვირვებელი თათია დალაქიშვილი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა სერიოზული დარღვევა. უბანზე მისული იყო მოქალაქე სხვა პირადობის მოწმობით და მას შემოწმების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მას შემდეგ, რაც დალაქიშვილმა დარღვევა დააფიქსირა, ის გააძევეს უბნიდან.
3. ზუგდიდის N64 საუბნო საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენელი მაია ჯანჯღავა ისე, რომ მიზეზიც არ განუმარტავთ!
4. ქუთაისის N74-ე უბანზე, დეზინფექციის ჩატარების მიზეზით, უბნიდან გაიყვანეს კომისიის წევრები და დამკვირვებლები. ტერიტორიაზე დარჩნენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” არის და დამლაგებელი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დროს საარჩევნო ყუთში ჩაყარეს ბიულეტენები.
5. საბურთალოს საარჩევნო ოლქის N19 უბანზე შეფერხდა ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით ერთი საათით, რადგან დაზიანებული იყო საარჩევნო ყუთი და ამომრჩევლის მიერ ჩაგდებული კონვერტები პრაქტიკულად იატაკზე იყრებოდა.
6. თბილისში, მთაწმინდის ოლქში, N23 საარჩევნო უბანზე, მოქალაქე ქრისტინე გვენეტაძეს არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება, სიაში არ ყოფნის მოტივით მაშინ, როდესაც მან საარჩევნო კომისიიდან ბარათი, მოსაწვევი სწორედ ამ უბანზე მიიღო.
7. თბილისში, N86 საარჩევნო უბანზე არ აკეთებდნენ მარკირებაზე შემოწმებას ან ნაწილობრივ ამოქმებდნენ მხოლოდ ცალ ხელზე.
8. საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის ნების კონტროლი მიმდინარეობს ძირითადად მმართველი გუნდის და “ნაციონალური მოძრაობის” აგიტატორების მხრიდან. მთაწმინდის ოლქში დაიწერა კიდეც საჩივარი. უბანთან იდგა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და მისულ ამომრჩეველს ფოტოკამერით აფიქსირებდა.
9. სოლოლაკში ახორციელებენ ფოტო გადაღებას სპეციალური აპლიკაციით.
10. გვაქვს შემთხვევები, როდესაც აგიტაცია და პროპაგანდა ხდება საარჩევნო უბნებთან და უბნებზე პარტიის ატრიბუტიკით აღჭურვილი ჯგუფების მიერ.
11. სამარშრუტო ტაქსებით არის მობილიზებული მმართველი გუნდი და ამომრჩეველი გადაჰყავს, რაც ძალიან წააგავს ე.წ. კარუსელს.

ნაძალადევზე ცალკე მინდა ყურადღების გამახვილება:

1. 31-ე უბანზე მოქალაქეს ჰქონდა 2 ბიულეტენი – ერთი ჩააგდო კონვერტით და მეორე კონვერტის გარეშე. კომისიის მდივანი ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს ფურცელს საჩივრის დასაწერად!
2. 98-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე იდგა დერეფანში, აკონტროლებდა ამომრჩეველს და არ შედიოდა უბანზე, ვიდრე ჩვენმა წარმომადგენლებმა არ დაუწერეს საჩივარი.

“ქართული ოცნება” იყენებს ყველა მეთოდს: ე.წ. კარუსელს, ამომრჩევლის მოსყიდვას, ზეწოლას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას!” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიხმაური ზუგდიდის მე-80 საარჩევნო უბანზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ყველა ჩვენი მონაცემით, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა