“დავით გარეჯის ირგვლივ საზოგადოების კითხვებს პრემიერ-მინისტრი პასუხობს: ჩვენ მეგობრულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო. ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. ჯერ ერთი- არავის არ სურს ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა და ცხადია, არამეგობრულ მოლაპარაკებებს არავინ ითხოვს, მეორეც- ეს პასუხი საზოგადოების კითხვებს ვერ და არ მიესადაგება, ხოლო თუ სახელმწიფო საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა განმარტება, თუნდაც, კონფიდენციალურ რეჟიმში.
ამ კონტექსტში დიტო ჩუბინიძის დაკავება არა მარტო გაუგებარია, არამედ აღიქმება, როგორც სიგნალი: ყველას დავიჭერთ, ვინც დავით გარეჯზე ლაპარაკობს, უარესიც, ყველას დავიჭერთ, ვისაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე არ მოწონს და აკრიტიკებს.
მეტიც, კარგად მესმის, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, სხვაზე მეტად, კობახიძეს ჩემი დაჭერა სურს და მინდა საჯაროდ ვუთხრა მას: ამ ქვეყნისთვის ორი ომი გამოვიარე, შენ რამდენი წლისაც ხარ, იმაზე სამჯერ მეტი დაჭრილი მყავს ბრძოლის ველიდან ზურგით გამოტანილი, არც ტყვიის შემშინებია, არც სიკვდილის და არც შენი ციხის მეშინია,- იქაც ღირსეულად ვიჯდები. ახლავე იცოდე, რომ ვერც ჯაშუშისა და ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს ვერ მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით.
და ბოლოს, საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დავით გარეჯის თემაზე საუბრობს არა მარტო დიტო ჩუბინიძე ან მე ან უამრავი სხვა ადამიანი, არამედ საუბრობს „ქართული ოცნების“ შსს ექსმინისტრი, თავდაცვის ექსმინისტრი და ორგზის პრემიერ-მინისტრი და ამ ვითარებაში ჟურნალისტებისა თუ პოლიტიკოსების კითხვები სრულიად გასაგებიცაა და ლეგიტიმურიც, ხოლო დიტო ჩუბინიძის დაკავება საერთოდ გაუგებარია და ორმაგად გაუგებარია სამშობლოს ღალატის ბრალდება.
თვალშისაცემია კიდევ ერთი მანკიერება- ყველა ასეთ საქმეს, სრულიად დაუსაბუთებლად, საიდუმლოობის გრიფი ედება და ადამიანს უკლავენ საშუალებას, რომ თავი გაიმართლოს საჯაროდ, ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, მსგავსი პრაქტიკა ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ადგილი აქვს ადამიანების ტოტალური დაშინების მცდელობას, რათა აღარავინ აღარაფერზე აღარანაირი კითხვა აღარ დასვას.
აქვე მივმართავ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს: ბოლო დროს პრემიერ-მინისტრი კობახიძე მუდმივად გვეუბნება, რომ ყველა გადაწყვეტილებას თქვენთან ათანხმებს. მეტიც, რამდენჯერმე ღიად თქვა,- მარტო კი არ ვათანხმებ, მნიშვნელოვან საკითხებში საბოლოო სიტყვა ივანიშვილს ეკუთვნისო, ამიტომ პირადად გთხოვთ: შეაჩეროთ ადამიანების დაპატიმრების, ჯაშუშებად შერაცხვისა და სამშობლოს მოღალატეებად გამოცხადების კამპანია. მსგავს კამპანიებს სიკეთე არასდროს მოუტანია”,_ წერს ირმა ინაშვილი გავრცელებულ წერილში.














