ირმა ინაშვილი: მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება

ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ეს ჩვენ უნდა დავიწყოთ დღეიდან, არა 2020 წლიდან, რასაც ხელისუფლება ამბობს, – ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირმა ინაშვილის თქმით, იგი იძულებული გახდა უკიდურესი ზომისთვის მიემართა და შიმშილობის აქცია დაეწყო. მისივე თქმით, შიმშილობა ხუთმა ადამიანმა დაიწყო, მათგან ერთ-ერთი ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილია.

“მხარდამჭერი აქციები საგარეჯოში, გორში, თელავში იმართება. ბათუმში, ზუგდიდში დღეს დაიწყებენ შიმშილობის აქციას. ყველა დიდ ქალაქში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას გამოგვიცხადებენ და შიმშილობის აქციას შეუერთდებიან. შეიქმნა მოხალისეთა სია. მეორე ადგილი პარლამენტის შენობის წინ იქნება, სადაც 20 ადამიანი იშიმშილებს. მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება”, – აღნიშნა ირმა ინაშვილი.
მისივე თქმით, სურს ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილის მხარდამჭერი აქცია, არამედ შიმშილობის აქცია იმართება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში შეიცვალოს საარჩევნო გარემო.
“ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ეს ჩვენ უნდა დავიწყოთ დღეიდან. არა 2020 წლიდან, რასაც ხელისუფლება ამბობს. საჭიროა ხელისუფლებამ მოგვცეს გარანტიები, რომ როგორც სჩვევიათ არ იცრუებენ. არ გაექცევიან ამ თემას და ღიად იტყვიან, რომ ვიწყებთ ამ ცვლილებებს ოპოზიციასთან ერთად”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ის რომ ხელისუფლებაში იყოს არ დაუშვებდა, რომ 4 დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერები შიმშილობდნენ.
“მე ჩავიდოდი და დაველაპარაკებოდი ამ ხალხს, მაგრამ როგორც ჩანს, მოსასვლელი პირი არ აქვთ. რაც შეეხება სამართლიანობის პროცესს, ნუ ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას, რომ მე არ გამივლია სამართლებრივი პროცესი. ჩვენ ეს გზა გავიარეთ საოლქო საარჩევნო კომისიიდან დაწყებული, გაგრძელებული სიღნაღის სამარცხვინო სასამართლო პროცესებით და კულმინაცია იყო სააპელაციო სასამართლოში სხდომები, სადაც სხდომას არა მოსამართლე, არამედ რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი თამარ კორძაია ხელმძღვანელობდა. გავიგეთ, რომ ის ყოფილა კიდევ შეთავსებით მოსამართლე. ყოჩაღ თქვენ”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
დღესვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, კახა კუკავა იმყოფებოდნენ.
ინაშვილმა მადლობა გადაუხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მხარს უჭერენ მათ აქციას. ინაშვილის აღნიშნა, რომ შესაძლოა მათ ბევრ საკითხში ჰქონდეთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა საარჩევნო გარემოს შეცვლის თემაზე მათ ერთი პოზიცია აქვთ.

banner
წინა სტატიაში„ალბათ შესაძლოა, რომ პროცესი წარიმართოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ“-კვირიკაშვილი “რუსთავი 2”-ზე
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3982 ლარია