ირმა ინაშვილი – მხარს ვუჭერთ 120/30-ზე ვარიანტს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კარგია, რომ ქვეყანა 2024 წელს მაინც გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა უკეთესი იქნებოდა, პროპორციული სისტემა 2020 წლისთვის ამოქმედებულიყო.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს 2024 წელს მაინც გადავალთ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ რატომ 2024-ში? და რატომ არა დღეს? აი რატომ არ ვატარებთ ჩვენ 2020 წლის არჩევნებს პროპორციული საარჩევნო სისტემით. საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ რაღაცა ერთგვარად ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ. როდესაც არის ოპოზიციური პარტია, აქვს ბევრი წინააღმდეგობა, თვითონ ხვდება რა ძნელია დამკვიდრება პოლიტიკურ ველზე. მარიამის ჯგუფი ახლა იწყებს დამოუკიდებელ მოღვაწეობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე და დამეთანხმება მარიამი, რამდენი სირთულეა და ჯერ კიდევ წინ აქვს ეს სირთულეები.

მე მინდა, მას ვუსურვო, წარმატებით გადალახონ ეს სირთულეები, მაგრამ მერე როდესაც ეს ძალა ან ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ყველაფერი ავიწყდებათ, რაც გადაიტანეს მაშინ, როცა იყვნენ ოპოზიციაში. რომ დაავიწყდათ ყველაფერი, ეს მე ვნახე მაშინ, როდესაც მე თვითონ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ორჯერ სხვათა შორის“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს.

ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კარგი იქნებოდა, ისტორიული ცვლილებები უკვე 2020 წლიდან განხორციელებულიყო.

„ცუდია და ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ის, რაც მოხდა, როდესაც ჩავარდა ეს კანონპროექტი. მე მინდა, ვიყო გულწრფელი ტელემაყურებლებთან, ჩემი კოლეგების წინაშეც და ვთხოვო უმრავლესობის წარმომადგენლებს, როდესაც ასეთი დაპირება დგება დღის წესრიგში და შემდეგ ასე ვარდება ვინმე დეპუტატი ხუნდაძის გამო, როდესაც მერე მთელი ეს ჩავარდნა მის სახელთან არის დაკავშირებული, ყოველთვის, ყველამ ერთად, ჩვენ, თქვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად დამაზიანებელია ხოლმე ასეთი დარტყმები უკვე მარტო პოლიტიკური სპექტრისთვის კი არა, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი იმიჯისთვის და ეს დარტყმები უკვე მივიღეთ. მივიღეთ ჩვენ ძალიან მძიმე დარტყმები“,- განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილის თქმით, სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, „პატრიოტთა ალიანსს“ ხელისუფლებასთან არ უვაჭრია.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი – „საქართველოს პატრიოტები“ მთელ ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული. ჩვენ სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, არ გვივაჭრია უმრავლესობასთან და ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხებიდან გამომდინარე, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, თუ ამას არ მიიღებთ ჩვენ ამას ჩავაგდებთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ვაჭრობა ძალიან დამკვიდრდდა ქართულ პოლიტიკაში 90 წლებიდან დღემდე, ჩვენ უნდა მივაწვეთ საჯარო პოლიტიკას.

საჯარო პოლიტიკა არის მონაპოვარი 21-ე საუკუნის პოლიტიკაში საერთოდ და ამიტომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ ამას, თუნდაც ამ შემოთავაზებულ 120/30-ზე ვარიანტს, რადგან ასეა თუ ისეა, გარკვეულ დათმობაზე მაინც წავიდნენ პროპორციულის სასარგებლოდ, როგორც იტყვიან და ჟარგონს გამოვიყენებ – აღარ გავჭედეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, ჩვენ არ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს შესაქმნელი არ არის, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, იქნებოდა დიდი ჟანგბადი, სერიოზული ჟანგბადი პოლიტიკური სპექტრისთვის. რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან კარგი ეფექტის მომტანი. თუმცა ხელისუფლება და უმრავლესობა სხვა რისკებს ხედავდა და ესეც მესმის, რომ მთელი რიგი რისკები იყო მაშინ დასახელებული.

ამიტომ ჩვენ ამ პროცესში დღესაც ვართ. როდესაც გახსოვთ, უმრავლესობის წარმომადგენლები სულ როგორ კომენტარებს აკეთებდნენ, რომ, აი, არ უჭერს ამას ოპოზიცია მხარს, გამოვდიოდით ეთერში და მუდმივად ვამბობდით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ საკმარისი ხმები არსებობს, რათა ცვლილებები მიიღონ.

„უკვე ბოლო ეტაპზე დაიწყეს ამისი აღიარება, რომ არის საკმარისი ხმები, რომ არ ჩავარდეს ეს კანონპროექტი. ახლა ყველაფერი „ოცნების“ უმრავლესობაზეა, ბატონებო, დამოკიდებული. და მე მინდა, გისურვოთ, რომ აღარ გამოჩნდეს ახალი ხუნდაძე, თუ ხუნდაძეები, რომლებიც კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დააყენებენ ამ მნიშვნელოვან ცვლილებას“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენმ მზადაა, თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს – მელია
შემდეგი სტატიაგენერალი დევი ჭანკოტაძე პოლიტიკურ საქმიანობას “ნაციონალურ მოძრაობაში” იწყებს