ირმა ინაშვილი : უმრავლესობის წინადადება უნდა იყოს გარანტირებული და ამ გარანტიებით იყოს დატვირთული კანონპროექტი

პოლიტიკური სპექტრის ამოცანა დღეს შეთანხმება, კონსენსუსი და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე, გამოიკვეთა ერთ-ერთი -110/40-ზე. ინაშვილის თქმით, აუცილებელია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა იყო 135/15-ზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებდით სამხარეო პრინციპს, მაჟორიტარების განაწილების ყველა მხარე იქნებოდა მოცული, პლიუს თბილისი სამი მაჟორიტარით წარმოდგენილი. ასევე ჩვენი მოთხოვნა იყო და დღესაც რჩება სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში, მრავალი წელია, ამაზე ვსაუბრობთ და პლიუს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კანონის კატეგორიის დანაშაული.

დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა საუბრობს სხვადასხვა წინადადებაზე, ერთ-ერთი, რაც გამოიკვეთა არის 110/40-ზე, რომლის გარშემოც მიდის მსჯელობა. ჩვენც ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები. კარგი იქნება, თუ ჩვენ ნაბეჭდი სახით გავეცნობით უმრავლესობის მიერ წარდგენილ პროექტს, რადგან გვქონდეს ზუსტი ხედვა, რა შეთავაზებაზეა საუბარი და გავაკათოთ ანალიზი და ჩვენი შენიშვნები გავუზიაროთ. დღეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანა უნდა იყოს შეთანხმება, კონსენსუსი და გაგრძელება პოლიტიკური საქმიანობის“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში მდგომარეობს.

„გონივრული გადაწყვეტილების მიღება დღეს შეუძლია უმრავლესობას, რომელიც არის ხელისუფლება. უმრავლესობის წინადადება უნდა იყოს გარანტირებული და ამ გარანტიებით იყოს დატვირთული კანონპროექტი, რომელიც იქნება შემოთავაზებული, მაქსიმალური მოცულობა უნდა ჰქონდეს პროპორციულ ნაწილს და შეზღუდული უნდა იყოს მაჟორიტარული ნაწილი. 100/50-ზე ჩვენ ვისაუბრეთ და იყო მიუღებელი, მისაღებია 135/15-ზე, 130/20-ზე, 125/25-ზე, მიუღებელი იყო 110/40-ზე, მაგრამ დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ექნება მყარი ბერკეტები, ჩაკეტოს სისტემა ისე, რომ არ მისცეს გასაქანი მაჟორიტარულ ნაწილს და საკუთარი თავიც შეიზღუდოს. ახლა, ეს გარანტიები და მექანიზმები მინდა, ვნახო ნაბეჭდი სახით უკვე და არა სიტყვიერი მოლაპარაკებების ფარგლებში“, – აცხადებს ინაშვილი.

რაც შეეხება ბარიერს, ირმა ინაშვილის თქმით, მათი მოთხოვნა 3-პროცენტიანი ბარიერია, საარჩევნო ბლოკებისთვის კი, 5-პროცენტიანი.

„ჩვენ ვითხოვთ, ბარიერი 3-პროცენტიანი იყო და ბლოკებისთვის 5-პროცენტიანი. ეს არის ჩვენი წინადადება და მოთხოვნა. ჩვენ ვასახელებთ ბარიერს. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გაითვალისწინებს. ბარიერი უნდა იყოს 3-პროცენტიანი, 3 პროცენტის გადალახვა თუ არ შეგიძლია და ბლოკის სისტემით 5 პროცენტის გადალახვა, მაშინ რა გინდა პარლამენტში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ხელისუფლება საგონებელშია ჩავარდნილი და თავის დაძვრენის მეთოდებზე ფიქრობს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს