„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ წერილს ეხმაურება. ინაშვილის თქმით, ღარიბაშვილი მისი მეგობარია და მას მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო პოლიტიკურ ველზე მისი მთავარი სამიზნე ირაკლი კობახიძეა.
ინაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული წერილის სიღრმისეულ შეფასებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს და დაელოდება ვრცელ მიმართვას, რომლის გამოქვეყნებაც ექსპრემიერმა მომდევნო დღისთვის დააანონსა.
„ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ… არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც ღარიბაშვილს არ დავტოვებ. მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს, ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა დასმენების კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი. ადამიანი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია. კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დაისადგუროს სიმშვიდემ“, — განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით მიიღო გზავნილი, რომლითაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთხოვენ. ექსპრემიერი საქმის დეტალების გასაჯაროებას ხვალ გეგმავს.














