„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოიკითხა.
საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ინაშვილმა განაცხადა, რომ დასაკითხ პირთა წრე აბსოლუტურად აცდენილია და საგამოძიებო ორგანოებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ გამოკითხულებს უშუალოდ თვითმკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაცია არ გააჩნდათ.
ირმა ინაშვილმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან საგამოძიებო უწყებას ინფორმაციის არქონაზე განუცხადა. პოლიტიკოსის თქმით, მან ჩვენებაში კონკრეტული გარემოებების გამოძიება მოითხოვა.
„ჩემს ჩვენებაში „არ ვიცი, არ ვიცი“ არ წერია. მინდა ეს პიარ ხრიკი დავუნგრიო „ქართული ოცნების“ უნიჭო პიარ მენეჯერებს. ვითხოვ გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წერილის პირველ ეპიზოდზე — ვითხოვ დაიკითხოს ის ხალხი, ვინც მას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ შეუგზავნა, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე. სერიოზული კითხვაა: რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ, სადაც ლაზარე ჯორბენაძე დავით გარეჯის საკითხზე და „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტზე საუბრობდა? ამ კუთხით უნდა წავიდეს გამოძიება“, — განაცხადა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და მოუწოდა, მომავალ განცხადებებში მეტი კონკრეტიკა შეიტანოს.
„არავინ იცის, სინამდვილეში როგორ განვითარდება მოვლენები და კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი. მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად. მე ვრეაგირებ იმ წერილებზე, სადაც ჩემი გვარია ნახსენები“, — დასძინა ირმა ინაშვილმა.








