ირმა ინაშვილი „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

ინაშვილის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების განმავლობაში ტყუილზე დაყრდნობილ ე.წ. კვლევის შედეგებს ავრცელებენ.

„ბოლო დღეების მანძილზე ძალზედ აქტუალურია თემა „ენდიაის“ ე.წ. კვლევებთან დაკავშირებით. ეს თემა აქტუალურია არა მხოლოდ ბოლო დღეების მანძილზე, არამედ ოთხმოცდაათიანებიდან დღემდე. ეს ამერიკული ორგანიზაციები, რომელთა სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკაში, ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციები არიან, მათი თბილისის ფილიალები ადგილობრივ ქართულ კომპანიებთან ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოში, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

პირდაპირ და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. კვლევები და გამოკითხვები, რასაც ამ ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების მანძილზე ავრცელებენ, არის მხოლოდ ტყუილი, გაყალბება, რეალობის დამახინჯება, ეს არის სხვა სურათის წარმოჩენა და პირდაპირ პოლიტიკური მიკერძოება, რაც ძალიან დამაფიქრებელია, მიკერძოება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და მათი ლიდერებისადმი. „ნაცმოძრაობაში“ მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობთ ორივე ჯგუფს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედვათ, როგორ ცინიკურად ყალიბდება მონაცემები რეალობის საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია, მხოლოდ პარტიების რეიტინგების საკითხს გასცდა.

„აქ არ არის საუბარი, რომ განულებულ, მინუს ერთ პროცენტიან პოლიტიკურ ლიდერებს და პარტიებს მიზანმიმართულად აწინაურებს „ენდიაიც“ და „აირაიც“, უწერს კოლოსალურ რიცხვებს, რაც ტრაგიკომიკურია, „ენდიაის“ ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას საქართველოს და იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ყველამ იცით, ტერორიზმი რა მოვლენაც არის, ტერორის ფორმები განსხვავდება და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ოფისების მენეჯმენტი, ქართულ კომპანიებთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა. ჩვენ ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. გასაგებია, რომ საზოგადოება კარგად ხვდება, ტყუილს და მართალს არჩევს, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოების და განსაკუთრებით მედიის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია, რომ ვამხილოთ ეს პროცესი, სიმართლე გამოვიტანოთ სააშკარაოზე.

ჯერ კიდევ 2017 წელს ჩავატარეთ დიდი გამოკითხვა, 28 517 ადამიანი გამოვკითხეთ. მათი 77 პროცენტი საერთოდ არ ენდობოდა „ენდიაის“ და „აირაის“ კვლევებს, მხოლოდ სამი პროცენტი ენდობოდა. მთავარი კი არის ის, რომ 28 517 ადამიანში, რომლის ანკეტები გვქონდა შევსებული, ყველა მონაცემით, ვერც ერთი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, ვინც ერთხელ მაინც გამოუკითხავს „ენდიაის“. ამიტომ ვამბობ, რომ მიდის ბრძოლა ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ თავს გვახვევენ სრულიად განსხვავებულ რეალობას და ყალბ მონაცემებს“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილის განცხადებით, 2017 წელს ითხოვდა, დაწყებულიყო გამოძიება, რომელიც შეისწავლიდა აღნიშნული ორგანიზაციების თბილისის ოფისებისა და მათი ქართული პარტნიორი კომპანიების საქმიანობას.

ინაშვილი დღესაც მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება შესაძლო კორუფციის ფაქტზე.

„პირდაპირ ვამბობ, რომ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა, ვფიქრობ, დაინტერესებულია ფინანსურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, ადგილი აქვს კორუფციას და ის ფულს იღებს ამ კვლევებში. ვინაიდან მე მაქვს ეჭვი, მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურებმა, მითუმეტეს, როცა „ენდიაი“ და „აირაი“ თანამშრომლობენ ქართულ კომპანიებთან, ეს დანაშაული ხდება საქართველოს ტერიტორიაზე“ ,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მიეწოდოს სრული ინფორმაცია ამერიკის კონგრესს, სენატსა და აშშ-ის ხელისუფლბლებას, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

ირმა ინაშვილი 26 იანვრიდან აშშ-ს საელჩოსთან აქციასაც აანონსებს.

„ყველა კონგრესმენი და სენატორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის ახალი ელჩი, რომელიც ჩამობრძანდება მალე საქართველოში, მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას. ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ოფისების მამხილებელი მთელი კამპანია დაიწყება 26 იანვრიდან. ამ დღეს ჩვენ, 16:00 საათზე, შევიკრიბებით აშშ-ის საელჩოსთან, ვინაიდან ესენი ამერიკული ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, საელჩოსთან მივმარათავთ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, შეაჩეროს ეს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაის“ და „აირაის“ ასეთი მავნე საქმიანობა, რაც ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს. ალბათ ყველა ხვდება, რომ ქალბატონ თორნტონს ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ და ატარებენ ექსპერიმენტს, ლაბორატორიას ქმნიან, მაგრამ მას მივმართავ, ჩვენ არ ვართ ექსპერიმენტების პოლიგონი, არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომ ასე ჩუმად და მოთმინებით კულტურულად ვიტანდეთ, როგორ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს. ქართული სახელმწიფოს დაზიანების უფლებას არ მივცემთ არც ამერიკულ, ჩინურ, თუ იაპონურ ორგანიზაციას. ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ, გავაპროტესტოთ და ვიმოქმედოთ ამ ტყუილის წინააღმდეგ. ამ კამპანიას ვიწყებთ, როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ, ვიმოქმედებთ ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, რომ გავიტანოთ ეს ინფორმაცია, რა მანკიერებასაც აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. თუ ქალბატონ ლორას და მისნაირ ადამიანებს მივცემთ უფლებას, მუდმივად გამოიტანონ ასეთი ტყუილი მონაცემები, სიყალბე და ასე დაგვცინონ, მაშინ არაფრის ღირსები ვყოფილვართ“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდევნა პოლიტიკური ნიშნით
შემდეგი სტატია26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა