ირმა ინაშვილი: ელჩებს ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაა და სწორედ ეს პოზიცია გაუზიარეს მისი პარტიის წარმომადგენლებმა ელჩებს.

“ჩვენ კიდევ ერთხელ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ეს იქნება 45 დღეში თუ ეს იქნება გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები – მე ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე”, – ამბობს ინაშვილი.

ინაშვილი ამბობს, რომ, თუ ხელისუფლებას ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი აქვს, მას ხელახალი არჩევნების დანიშვნის არ უნდა ეშინოდეს.

“ქართული ოცნება თუ ამტკიცებს რომ არის ძლიერი, მას აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და არ აქვს შიშები და ფობიები, მაშინ, როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, სწორედ მან უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთ პოლიტიკურ კრიზისში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია, კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, მე არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს”, – ამბობს ინაშვილი.

მისი თქმით, მას რამდენიმე შეთავაზება აქვს ხელიფუსლების მიმართ:

“ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, რომ დაიდოს მემორანდუმი, სადაც ჩაიწერება, რომ მაგალითად გაზაფხულზე ინიშნება არჩევნები, მაშინ შეიძლება მუშაობა უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე.

მე ვთავაზობ ქართულ ოცნებას: მე-9 მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა, მას შეუძლია ამის გაკეთება და ამ მე-9 მოწვევის პარლამენტს შეუძლია კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც და სხვათაშორის, შეიძლება მე-9 მოწვევის პარლამენტს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილების ვადა და მან მიიღოს ეს ცვლილებები, ვარიანტები არის მეგობრებო”, – ამბობს ინაშვილი.

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორებს ინდივიდუალურად ხვდებიან. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.

“მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამ ფონზე აქციების შეწყვეტა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – თუ აწყობთ, სიაში ჰყავდეთ დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, არ ვართ ამ პარლამენტის წევრებიო, კი ბატონო